ESPN-ის გამოკითხვით, ნიკოლა იოკიჩი NBA-ს საუკეთესო მოთამაშეა და ფავორიტი MVP-ს პრიზისთვის ბრძოლაში #1TVSPORT
ESPN-ის გამოკითხვით, ნიკოლა იოკიჩი NBA-ს საუკეთესო მოთამაშეა და ფავორიტი MVP-ს პრიზისთვის ბრძოლაში #1TVSPORT

ექსპერტებს „დენვერ ნაგეტსის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი NBA-ს საუკეთესო მოთამაშედ მიაჩნიათ.

ტელეკომპანია ESPN-მა გამოკითხა 20 მწვრთნელი, სკაუტი და კლუბების ხელმძღვანელები. გამოკითხვის შედეგად, იოკიჩი ისევ ჩაუდგა სათავეში ლიგის საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგსა და MVP-ს პრიზისთვის ბრძოლაში ფავორიტებს.

სერბმა ცენტრმა შვიდი ხმა მიიღო MVP-ს პრიზის გამოკითხვაში. მეორეზე აღმოჩნდა შეი გილჯეს-ალექსანდერი „ოკლაჰომადან“ ხუთი ხმით. ლუკა დონჩიჩმა (ლეიკერსი) ოთხი ხმა მიიღო, ხოლო ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო), იანის ანტენტოკუმპო (მილუოკი) და ენტონი ედვარდსი (მინესოტა) თითო ხმის მფლობელები გახდნენ.

რაც შეეხება ამ მომენტისთვის NBA-ს საუკეთესო მოთამაშეს, იოკიჩმა 20 შესაძლებლიდან 19 ხმა მიიღო. ერთი ხმა ერგო დონჩიჩს.

გასულ სეზონში იოკიჩმა 70 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 29.6 ქულა, 12.8 მოხსნა და 10.2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.