ესპანური მედიის მტკიცებით, კვარაცხელიას „სევილია“ იწვევს - შეიძლება, ის მირონ ბოადუს კარგი ალტერნატივა გახდეს #1TVSPORT
ესპანური მედიის მტკიცებით, კვარაცხელიას „სევილია“ იწვევს - შეიძლება, ის მირონ ბოადუს კარგი ალტერნატივა გახდეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით ესპანური კლუბი „სევილიაც“ დაინტერესდა – ინფორმაციას ესპანური გვერდი „ლა რაზონი“ ავრცელებს.

„კვარაცხელიას ასევე „სევილია“ აკვირდება. როგორც ამბობენ, ესპანური კლუბი კიდევ ერთი ისეთი გუნდია, რომელიც „ბაიერნს“ უტევს, რომლის სამიზნეც ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელით დაინტერესებულ გუნდთა სია საკმაოდ შთამბეჭდავია. მათ შორის არიან „სევილია“, „ბაიერნი“, მიუნხენგლადაბახის „ბორუსია“, „ლიდს იუნაიტედი“, „იუვენტუსი“ და „მილანი“. ყაზანის „რუბინი“ მის გამოშვებას დაახლოებით 20 მილიონი ევროს საფასურად გეგმავს“, – წერს პორტალი.

ამავე დროს, „ლა რაზონი“ ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ესპანური კლუბისთვის ნიდერლანდების ნაკრებისა და „ალკმაარის“ თავდამსხმელის, მირონ ბოადუს ალტერნატივაა, რომელმაც 59 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა.

„შეძლებს „სევილია“ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას? „სევილია“ ფიქრობს ამ 20 წლის თავდამსხმელზე, რომ ის გუნდს შემდეგი სეზონისთვის გააძლიერებს. ეს დამოკიდებულია მაროკოელი იუსუფ ენ-ნასირის ტრანსფერზე, რომელშიც ესპანელები 60 მილიონ ევროს ითხოვენ. ანდალუსიის გუნდის გეგმები მირონ ბოადუსთან დაკავშირებით არ შეცვლილა. მაგრამ შეიძლება „ალკმაარმა“ მისი საფასური გაზარდოს. ამიტომ ხვიჩა კვარაცხელია „სევილიასთვის“ შეიძლება მირონ ბოადუს კარგი ალტერნატივა გახდეს“, – ამტკიცებს „ლა რაზონი“.

„სევილია“ ევროპის ლიგის 6-გზის გამარჯვებულია, რაც რეკორდია – ამდენჯერ ამ ევროპულ გათამაშებაში არავის გაუმარჯვია. ამავე დროს, ესპანური კლუბი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.