ესპანური მედიის ინფორმაციით, პსჟ-ის მიზანი ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ ენდრიკის შეძენა იქნება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენს“ ზაფხულში ენდრიკის გადაბირება სურს, — ამის შესახებ ინფორმაცია მადრიდული კლუბის შიდა წრეებიდან გავრცელდა.
18 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი გასულ წელს „რეალს“ „პალმეირასიდან“ შეუერთდა, თუმცა მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო დრო აქვს.
პსჟ გეგმავს შექმნას ისეთი ფინანსური და სპორტული პირობების პაკეტი, რომელიც ახალგაზრდა მოთამაშეს მომავალზე დააფიქრებს. პარიზელები ფეხბურთელს ხელფასის გაორმაგებას ჰპირდებიან, ასევე ეძლევა გარანტია, რომ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის მეტი შესაძლებლობა ექნება.
„რეალი“ ჯერ არ ჩქარობს და ახალგაზრდა ფეხბურთელის შემადგენლობასთან თანდათან ინტეგრაციას გეგმავს. ენდრიკის მომავალთან დაკავშირებით ბევრი რამ ზაფხულში გაირკვევა.