ესპანური მედიის ცნობით, ანკლავ სეუტაში მიგრაციული კრიზისის შედეგად 88 ადამიანი დაიღუპა

21:39, 02.08.2026

ესპანეთის ანკლავ სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად 88 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

მედია სეუტას პრეზიდენტ ხუან ხესუს ვივასზე დაყრდნობით წერს, რომ ანკლავის მორგში ამჟამად იმ 88 მიგრანტის ცხედარია, რომლებიც ბოლო დღეებში ესპანეთში არალეგალურად მოხვედრის მცდელობისას დაიღუპნენ. მორგის შენობა კი სულ 200-მდე ცხედარს იტევს. ამავე ინფორმაციით, ესპანეთის მთავრობა დაღუპულთა ოფიციალურ მონაცემებში უფრო დაბალ რიცხვს – 72-ს ასახელებს.

ხუან ხესუს ვივასის განცხადებით, ვითარება საზღვრის ორივე მხარეს დრამატულია, რადგან ადამიანების ცხედრები ზღვიდან მაროკოშიც გამოაქვთ.

დაღუპულთაგან ყველა არ გამხდარა იმ ჭყლეტის მსხვერპლი, რომელიც ხუთშაბათს საზღვაო დამცავ ბარიერთან მოხდა. იმ დროს ადამიანების დიდი ნაწილი ერთდროულად ცდილობდა ესპანეთის მხარეს მდებარე სანაპიროზე გადასვლას, რასაც ადამიანების დაღუპვა მოჰყვა. ზოგიერთი მიგრანტი დაიხრჩო, ზოგი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ირკვევა, რომ მიგრანტებიდან ზოგმა ცურვაც კი არ იცოდა.

დამკრძალავი ბიუროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ბევრი მოზარდია, ასევე რამდენიმე ქალი. მათ შორის არიან მაროკოს მოქალაქეები და სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2 აგვისტოს მდგომარეობით, ანკლავში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების შეფასებით, სეუტაში მიგრაციული კრიზისის დაწყების შემდეგ დაახლოებით 73 500 მიგრანტმა დატოვა ესპანეთის ეს ანკლავი მაროკოს მიმართულებით.

ბოლო დღეებში ათიათასობით მიგრანტმა სცადა მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შეღწევა. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა. 31 ივლისს ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიგრანტების უმრავლესობა უკვე დაბრუნდა მაროკოში.

მსგავსი