ესპანური მედია - მამარდაშვილის გამო, შესაძლოა, გუნდს სილესენის გაყიდვა უღირდეს  #1TVSPORT
ესპანური მედია - მამარდაშვილის გამო, შესაძლოა, გუნდს სილესენის გაყიდვა უღირდეს  #1TVSPORT

„ვალენსიას“ ბოლო შეხვედრაში კარში ისევ გიორგი მამარდაშვილი იდგა, რომელმაც კარი კვლავ „მშრალად“ შეინახა და ესპანური გამოცემა deportevalenciano-ს ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა – ღირს კი გუნდში ქართველი მეკარის კონკურენტის, ნიდერლანდების ნაკრების კიპერ იესპერ სილესენის დატოვება, რომელიც ყველაზე მეტ ხელფასს იღებს, მაგრამ ტრავმის გამო ხშირად ისვენებს?

„უნდა გაყიდოს თუ არა „ვალენსიამ“ იასპერ სილესენი?

კონტრაქტამდე ერთი წელი აქვს დარჩენილი, მაგრამ ვერავინ გაექცევა იმას, რომ მამარდაშვილი მომავალ სეზონზეც ითამაშებს და მაშინ რა მოხდება?

„ბარსელონადან“ ჩამოსულ ნიდერლანდელს ტაშს ვუკრავდით, მაგრამ ეს ამბავი კატასტროფით დასრულდა. მას „ვალენსიაში“ არ უმართლებდა, რადგან არაერთხელ დაშავდა. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 105 თამაშიდან, რომელიც მისი ჩამოსვლის შემდეგ გუნდმა დღემდე ჩაატარა, სილესენსმა 49 მატჩი ძლივს ჩაატარა.

სპორტულ დონეზე მან საუკეთესო თამაშები აჩვენა და ცხადია, რომ კლასი აქვს, მაგრამ ტრავმიანობის და იმის გათვალისწინებით, რომ კონტრაქტის დასრულებამდე ერთი წელი აქვს დარჩენილი, ზაფხულში მისი წასვლა უგუნური ნაბიჯი არ იქნება. ამას უნდა დავუმატოთ „მამარდაშვილის ფაქტორი“.

ქართველი გუნდის მომავალია და თუ კარგად დავფიქრდებით, აწმყოცაა. სეზონის საკვანძო მომენტში ის სასტარტო შემადგენლობაშია – ამას გუნდის საუკეთესო მომენტი, კოპა დელ რეის ფინალში გასვლაც დაემთხვა, საიდანაც ევროსარბიელი გამოჩნდა.

ხაუმე დომენეკი, როგორც წესი, მომავალ წელსაც დარჩება და მის როლს სამწვრთნელო შტაბი განსაზღვრავს, მაგრამ სასტარტოში მამარდაშვილი იქნება. სილესენი არ ჯდება ამ განტოლებაში, რადგან მისი ანაზღაურების ფასად, ეს სრულიად შეუძლებელია. თუმცა გარკვეულწილად დასანანია, რომ ჰოლანდიელი იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე „ვალენსიას“ შეუძლია გადაიხადოს“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „კადისთან“ მატჩის შემდეგ „ვალენსიას“ ქართველი მეკარე ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, რადგან მამარდაშვილმა გუნდი რამდენიმეჯერ აშკარა გოლისგან იხსნა, სულ კი ზედიზედ 477 წუთია, ესპანეთის ჩემპიონატში გოლი არ გაუშვია.