ესპანური გამოცემა - „ვალენსია“ სილესენს გაყიდის, რადგან 20 წლის მამარდაშვილმა დაჩრდილა #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - „ვალენსია“ სილესენს გაყიდის, რადგან 20 წლის მამარდაშვილმა დაჩრდილა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის სახით „ვალენსიამ“ საიმედო მეკარე მოძებნა და 20 წლის ქართველი მეკარის გამო გუნდი მთავარ მეკარეს, „აიაქსისა“ და „ბარსელონას“ ყოფილ წევრს იასპერ სილესენს გაუშვებს, რომელმაც ნიდერლანდების ნაკრებში 60-ჯერ ითამაშა, – ამის შესახებ წერილი ესპანურმა გამოცემა elgoldigital-მა გამოაქვეყნა.

„სეზონისწინა მომზადება ძალიან კარგად გამოიყენა როგორც „ვალენსიამ“, ისე გუნდის ახალგაზრდა მეკარემ, რაც იასპერ სილესენის ტრავმის დროს მათთვის ნამდვილი შვება აღმოჩნდა. ვსაუბრობთ 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილზე, რომელიც გახდება „ვალენსიის“ ახალი მეკარე.

ქართველი ფეხბურთელი დაიმატეს ზაფხულში და მას უნდა ეთამაშა „ვალენსია მესტალიაში“ (სარეზერვო გუნდი), მაგრამ ბორდალასმა მას შანსი ამხანაგურ მატჩებში მისცა და ქართველმა კიპერმა მთელი სამწვრთნელო შტაბის დარწმუნება შეძლო.

გიორგი მამარდაშვილი სეზონისწინა პერიოდის აღმოჩენაა და მან ლა ლიგაში თამაში დაიმსახურა. მასთან კონტრაქტის გაფორმება ავტომატურად თამაშგარეში ტოვებს „ვალენსიას“ ერთ-ერთ მეკარეს, ასეთი კი აშკარად სილესენია. ბორდალასს არ მოუწევს ფიქრი ხარისხიან შემცვლელზე, რადგან ქართველს კლასი საკმარისად გააჩნია. სპორტის მენეჯმენტმა აღმოაჩინა შესანიშნავი შესაძლებლობა შეამციროს ხარჯები სხვა რგოლებში რომელიმე მოთამაშის გაშვების გარეშე და ყველაფერი მიუთითებს კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე ფეხბურთელის წასვლაზე.

რასაკვირველია, ვსაუბრობთ ნიდერლანდელ მეკარე იასპერ სილესენზე, რომელიც 20 წლის ფეხბურთელმა დაჩრდილა და რეალურად, გაშვებისთვის გაწირა. პრინციპში, მოსალოდნელი იყო, რომ ხაუმე დომენეკს გაუშვებდნენ. თუმცა, განმსაზღვრელი ფაქტორი „ბარსელონას“ ყოფილი მეკარის მაღალი ხელფასი აღმოჩნდა.

„ვალენსია“ მომგებიან გარიგებას ამზადებს მეკარე იასპერ სილესენის გაშვებით, რათა ქართველს შანსი ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს. ამ დროისთვის, „ვალენსიას“ 4 მეკარე ჰყავს – იასპერ სილესენი, ხაუმ დომენეკი, გიორგი მამარდაშვილი და კრისტიან რივერო. ეს უკანასკნელი უახლოეს დღეებში იჯარით, ალბათ, „ლეგანესეში“ გადავა. ამრიგად, ბორდალასი სეზონში მხოლოდ ორი მეკარით ითამაშებს.

მეორე მეკარე დომენეკი იქნება, პირველი კი სილესენი არ იქნება, რადგან ეს პოზიცია მამარდაშვილმა დაიჯავშნა. ამრიგად, „ვალენსიას“ სპორტული მენეჯმენტი ნიდერლანდელ მეკარეს სთავაზობს, გონივრულ ფასად წასვლა დააჩქაროს და ამით დიდ თანხას დაზოგავს. ამ ამოცანის შესასრულებლად ორი კვირაზე ნაკლები დრო რჩება.“

ლა ლიგის მე-2 ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „გრანადას“ დაუპირისპირდება სტადიონ „ლოს კარმენესზე“, სადაც ესპანელებმა ქართველი მეკარე შარშან ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე სწორედ „გრანადასთან“ გამართული მატჩით გაიცნეს. დიდი ალბათობით, მამარდაშვილი კვლავ „მესტალიელთან“ ძირითად შემადგენლობაში იქნება.