ესპანური გამოცემა - თუ ობლაკი პრემიერლიგაში წავა, მადრიდის „ატლეტიკოში“ მას მამარდაშვილი შეცვლის #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - თუ ობლაკი პრემიერლიგაში წავა, მადრიდის „ატლეტიკოში“ მას მამარდაშვილი შეცვლის #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილით დაინტერესებულ კლუბებს მადრიდის „ატლეტიკო“ დაემატა. საქმე ისაა, რომ თუ იან ობლაკი საბოლოოდ გადაწყვეტს პრემიერლიგაში წასვლას, კლუბმა მის შემცვლელად „ვალენსიის“ ქართველი კიპერი შეარჩია, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა todofichajes-ი ავრცელებს.

„ქართველმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეკარე თანამედროვე საფეხბურთო სცენაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მიმდინარე სეზონში „ვალენსიის“ საკვანძო ფიგურად გადაიქცა.

„ვალენსია“, უფრო სწორად, პიტერ ლიმი (სინგაპურელი ბიზნესმენი, რომელიც „ვალენსიის“ მფლობელია), ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობას, ქართველის საფასურად დიდი თანხა მიიღოს. მასში, ფაქტობრივად, არაფერი გადაუხდია. ახლა კი აქვს შანსი, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფერი განახორციელოს.

მამარდაშვილის ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონი ევროა, რაც მეკარისთვის დიდი თანხაა. მას შეუძლია ობლაკის ჩანაცვლება. ეს უდავოდ ხარისხობრივი ნახტომი იქნება და ბევრად მეტიც, თუკი ორივე კლუბის მიმდინარე პროექტებს გავითვალისწინებთ.

ქართველი მეკარე მხოლოდ 22 წლისაა, ამიტომ მამარდაშვილზე ფსონის დადება მომავალ ათწლეულშიც შეიძლება, თუ სლოვენიელი მეკარე „ატლეტიკოს“ საბოლოოდ დაემშვიდობება და ინგლისში წავა“, – ამტკიცებს გამოცემა.