ესპანური გამოცემა - სტატისტიკით ფინალში თამაში მამარდაშვილს ეკუთვნის #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - სტატისტიკით ფინალში თამაში მამარდაშვილს ეკუთვნის #1TVSPORT

23 აპრილს „ვალენსია“ ესპანეთის თასის ფინალში სევილიაში „ბეტისს“ დაუპირისპირდება. ვინ დადგება „ვალენსიას“ კარში, ჯერ უცნობია, მაგრამ ესპანური მედია ვარაუდობს, რომ პირველი ნომერი გიორგი მამარდაშვილი იქნება.

„2021/22 წლების სეზონის განმავლობაში „ვალენსიაში“ სხვადასხვა საკითხი კამათს იწვევდა – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეკარის თემას ეხებოდა – იასპერ სილესენმა, გიორგი მამარდაშვილმა და ხაუმე დომენეკმა კარში წუთები გაინაწილეს. სეზონის ფინალურ მონაკვეთში უდავო პირველ ნომრად ქართველი გახდა. ამიტომაც მოულოდნელი იყო მისი „ვილიარეალის“ წინააღმდეგ არყოფნა, თუმცა ამას მარტივი ახსნა აქვს – რეზერვისტების ლიმიტის წესი, რომ „ბ“ გუნდიდან მხოლოდ ოთხი მოთამაშე შეიძლება იყოს მთავარი გუნდის შემადგენლობაში. მოედანზე სამი დუბლიორი იყო, მაგრამ რისკის თავიდან ასაცილებლად გუნდები ჩვეულებრივ სამზე მეტს არ ათამაშებენ. ეს რომ იყო მამარდაშვილის უთამაშებლობის მიზეზი, „ვალენსიას“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა თამაშის შემდეგ დაადასტურა“, – წერს გამოცემა eldesmarque.

გამოცემის შეფასებით, ფინალში თამაშს საქართველოს ნაკრების მეკარე იმსახურებს.

„გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო და ბოლო რამდენიმე კვირა კარში იდგა. 2021/22 სეზონში არაერთხელ გახდა გმირი როგორც ლა ლიგაში, ასევე ესპანეთის თასზე (კოპა დელ რეი). მამარდაშვილი „ვალენსიას“ კარგად შეეფერება და მშრალი მატჩების სტატისტიკა ამას ნათლად აჩვენებს. ქართველმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ფაქტობრივად, უნდა გვახსოვდეს, რომ მან კონტრაქტი „ვალენსიას მესტალიასთან“ (დუბლებთან) გააფორმა. მაგრამ ორ კონკურენტთან შედარებისას, სტატისტიკიდან დასკვნებიც თავისთავად კეთდება. 17 თამაში ჩაატარა და 8-ჯერ მოედანი უგოლოდ დატოვა. საშუალოდ, თამაშში 1 გოლს უშვებდა. სილესენმა 15 მატჩი ჩაატარა + 18 წუთი „სევილიას“ წინააღმდეგ და ბურთი 27-ჯერ გაუშვა, ანუ საშუალოდ შეხვედრაში 1,8 გოლი“.