ესპანური გამოცემა - მიუნხენის „ბაიერნი“ გიორგი მამარდაშვილთან მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირაში დაიწყებს #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - მიუნხენის „ბაიერნი“ გიორგი მამარდაშვილთან მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირაში დაიწყებს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილისა და მიუნხენის „ბაიერნის“ კავშირის შესახებ გამოცემა football-espana წერს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ 22 წლის მეკარის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაში დაიწყება.

„მიუნხენის „ბაიერნი“ „ვალენსიასთან“ 22 წლის მეკარის თაობაზე მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირაში დაიწყებს, გერმანული გრანდი ქართველი ვარსკვლავის შეძენას აპირებს.

„ვალენსიის“ მეკარე, რომელიც მოულოდნელად გუნდის პირველი ნომერი გახდა, მიუნხენში მანუელ ნოიერის მემკვიდრედ მოიაზრება. 37 წლის გერმანელი გამოჯანმრთელდა მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ, მისი შემცვლელები, იან სომერი და ალექსანდრ ნუბელი კი სათადარიგოთა სკამზე ყოფნას არ აპირებენ.

მამარდაშვილი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა მეკარედ ითვლება. პირადი კონტრაქტის დეტალები ქართველისთვის მისაღები იქნება, რადგან მას „ბაიერნში“ გადასვლა ძალიან სურს.

გიორგის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ევროა. მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსია“ ფეხბურთელების გაშვებით ბიუჯეტის შევსებას გეგმავს, მამარდაშვილი უკანასკნელი იქნება, ვისაც კლუბი შეელევა.

თუ მამარდაშვილი წავა, მას კრისტიან რივერო და ვეტერანი ხაუმე დომენეკი შეცვლიან“, – წერს გამოცემა.

გავრცელდა ინფორმაციით, რომ ევრო 2023-ზე საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი და მისი აგენტი ლევან სეთურიძე მიუნხენში გაემგზავრნენ, მაგრამ საქართველოს პირველი არხის ცნობით, ლევან სეთურიძე 4 ივლისს თბილისში, საქართველოს სუპერთასის შეხვედრა დაესწრო, სადაც „დინამო თბილისმა“ ბათუმის „დინამო“ პენალტების სერიაში დაამარცხა.