ესპანური გამოცემა - „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტრანსფერებზე 500 მილიონს დახარჯავს, სიაში კვარაცხელია და ოსიმენი არიან #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულში ტრანსფერებზე 500 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებს, სასურველ მოთამაშეთა შორის „ნაპოლის“ სამეულია – ვიქტორ ოსიმენი, კიმ მინ-ჯე და ხვიჩა კვარაცხელია, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ ავრცელებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელი, შესაძლოა, შეიცვალოს. ამჟამინდელმა მეპატრონემ კლუბის გასაყიდი ფასი მილიარდ ევრომდე გაზარდა, რამაც პოტენციური მყიდველები გააოცა. ამავე დროს, „იუნაიტედი“ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ სატრანსფერო შენაძენებს გეგმავს. გუნდთან დაახლოებული წყაროები ვარაუდობენ, რომ ზაფხულში ფეხბურთელების შესაძენად მინიმუმ 500 მილიონის ინვესტიციას განახორციელებენ.
გლეიზერის მრჩევლები მიიჩნევენ, რომ გუნდი უნდა გაძლიერდეს ხუთი მოთამაშით ოთხ პოზიციაზე, რათა დიდი მიზნები დაისახოს. პირველ რიგში, გუნდს თავდამსხმელი სურს და სამი კანდიდატია: ჰარი კეინი, დუშან ვლახოვიჩი და ვიქტორ ოსიმენი; ასევე სურთ ნახევარმცველი და განიხილება შემდეგი ვარიანტები: ფრენკი დე იონგი, ადრიენ რაბიო ან ალექსის მაკ ალისტერი. პრობლემურია ცენტრალური მცველების პოზიციაც და არჩევანს რონალდ არაუხოსა და კიმ მინ-ჯეს შორის აკეთებენ. მეოთხე მარცხენა შემტევია, სადაც ფსონს კვარაცხელიაზე ან კინგსლი კომანზე დადებენ“, – წერს ესპანური გამოცემა.