ესპანური გამოცემა გოგა ბითაძეს სტატიას უძღვნის
MILAN, ITALY - JANUARY 03: Goga Bitadze, #11 of Buducnost Voli Podgorica in action during the 2018/2019 Turkish Airlines EuroLeague Regular Season Round 16 game between AX Armani Exchange Olimpia Milan and Buducnost Voli Podgorica at Mediolanum Forum on January 3, 2019 in Milan, Italy. (Photo by Giuseppe Cottini/EB via Getty Images)
ესპანური სპორტული გაზეთი „მარკა“ (Marca) ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელ გოგა ბითაძეზე სტატიას აქვეყნებს, რომლის სახელწოდებაა „გოგა ბითაძე – უნიჭიერესი ევროპელი, რომელიც „რეალ მადრიდს“ ემუქრება“.
„2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ლუკა დონჩიჩი არ იყო ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი. ეს სტატუსი, რამდენიმე თვით, ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს ერგო. პირველმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა და სლოვენიას ტიტული მოუტანა, მეორეს მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებია. დღეს დონჩიჩი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საოცრებაა, თუმცა არც ბითაძის საქმე მიდის ცუდად. „ბუდუჩნოსტის“ წევრი წლევანდელი ევროლიგის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ქართველმა მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა, მაგრამ უკვე გვაჩვენა, რომ საქმე კიდევ ერთ უნიჭიერეს მოთამაშესთან გვაქვს“, – წერს ესპანური გამოცემა და ამატებს, რომ პარასკევს, „რეალ მადრიდის“ წინააღმდეგ მატჩში, ბითაძე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოთამაშე იქნება მოედანზე.
საკუთარ მოსაზრებას ბითაძის შესახებ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი პაბლო ლასოც გამოთქვამს:
„კარგად თამაშობს. კარგი მსროლელია. მან და ნორის კოულმა ძალიან მოუმატეს და ახლა გუნდი გაცილებით ძლიერია“, – ამბობს ესპანელი მწვრთნელი, სტატიის ავტორი კი ბოლოს ასკვნის: „ბითაძე უკვე ფიგურირებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტში. ის პირველი რაუნდის ბოლოში იმყოფება. ბალკანური კალათბურთის წარმომადგენლების, ნიკოლა იოკიჩისა და ლუკა დონჩიჩის მიერ გაკეთებულმა რეკლამამ შესაძლოა ბითაძესაც მოუტანოს შედეგი და, რა თქმა უნდა, დიდ როლს მისი საოცარი ნიჭიც ითამაშებს“.
მატჩი „ბუდუჩნოსტსა“ და „რეალ მადრიდს“ შორის დღეს მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში გაიმართება.