ესპანური გამოცემა - გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ მომავალია #1TVSPORT
ესპანური გამოცემა - გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ მომავალია #1TVSPORT

„ვალენსია“ შაბათს, 7 მაისს, ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩში ბილბაოში „ატლეტიკს“ ესტუმრება. გამოცემა lanotiziasportiva-მ გუნდების სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა და სტუმართა სასტარტოში ისევ გიორგი მამარდაშვილის გამოჩენა ივარაუდა.

ქართველი მეკარე „მესტალიელთათერთმეტეულში ადგილს რომ იმკვიდრებს, იქიდანაც ჩანს, რომ გუნდის მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ესპანეთის თასის ფინალში ათამაშა. გამოცემა deportevalenciano წერილში (ახალგაზრდებმა „ვალენსიას“ კარი უნდა შეაღონ) ამტკიცებს, რომ გუნდს სხვა გზა არც აქვს, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდები დააწინაუროს.

„გუნდის გასაძლიერებლად კონტრაქტებია საჭირო, მაგრამ საამისოდ რეალური ნაბიჯი გადაიდგმება, თუ ახალგაზრდებს ნდობას საბოლოოდ გამოუცხადებენ.„ვალენსია“ არ არის ისეთი კლუბი, რომელსაც ვარსკვლავების დასამატებლად სატრანსფერო ბაზარზე შესვლა შეუძლია. იმ გუნდებთან ფინანსური სხვაობა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივად თამაშობენ, ყოველ წელს იზრდება და თითოეულ სეზონზე გუნდის ამოცანა უფრო და უფრო რთულდება. დღეს „ვალენსია“ სატურნირო ცხრილის შუაშია, რაც საჭირო მინიმუმზე გაცილებით დაბალი პოზიციაა. გამოსავალი შესაძლოა ახალგაზრდებში იყოს. „ვალენსიას“ ჰყავს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთა მოსალოდნელმა პროგრესმა შესაძლოა კლუბის ელიტაში აღორძინება გამოიწვიოს“, – წერს გამოცემა.

deportevalenciano-ს ჟურნალისტის აზრით, აუცილებელია სამი ახალგაზრდის დაწინაურება. ესენი არიან იუნის მუსა, უგო დურო და გიორგი მამარდაშვილი:

„მამარდაშვილი კარს უკვე იცავს და ის მომავლის მეკარეა. ახალი სეზონი დაიწყება იმ იმედით, რომ ქართველი სასტარტო თერთმეტში იქნება. იუნუს მუსამ სერიოზული მორალური დარტყმა განიცადა, მაგრამ მას „ნახტომი“ სჭირდება. იმის მოლოდინში, თუ რა მოხდება სოლერთან, გაიასთან ან გილამონთან – ისინი უნდა დარჩნენ და ახალგაზრდების თაობას წინ გაუძღვნენ, რათა ეს მოთამაშეები გახდნენ უფრო ძლიერები და თაობათა ცვლა გუნდმა იოლად გადაიტანოს“.