ესპანური გამოცემა - ჩვენს ჯგუფში ტოპ ლიგის მოთამაშეებით ყველაზე ღარიბი საქართველოა
ესპანური გამოცემა - ჩვენს ჯგუფში ტოპ ლიგის მოთამაშეებით ყველაზე ღარიბი საქართველოა

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ჯგუფის გუნდები შეაფასა, რომლებიც ესპანეთის ნაკრების მეტოქეები იქნებიან – შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო და კოსოვო.

„მარკამ“ მეტოქეების შემადგენლობას გადახედა და იმის მიხედვით შეაფასა, ტოპ ლიგაში მოთამაშეები ვის ჰყავს. სამწუხაროდ, ამ გადასახედიდან საქართველოს ნაკრები ყველაზე სუსტ მეტოქედ შეაფასეს.

შვედეთი საშუალოზე მაღალი დონის ნაკრებია. ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეიძლება აღარ იყოს, მაგრამ შვედეთს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს – „ლაიფციგში“ ემილ ფორსბერგი, „იუვენტუსში“ ნახევარმცველი დეჟიან კულუშევსკი, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ცენტრალური მცველი ვიქტორ ლინდელოფი და „რეალ სოსიედადში“ თავდამსხმელი ალექსანდრე ისაკი.

საბერძნეთი საშუალოზე დაბალი დონის ნაკრებია. 2004 წელს ევროპის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ საბერძნეთის ნაკრებს კრიზისი აქვს. ნიჭიერი მოთამაშეების ნაკლებობამ, ასევე ფინანსურმა კრიზისმა ფეხბურთზე გავლენა მოახდინა და საბერძნეთის ბოლოდროინდელი ცუდი შედეგები განაპირობა. ძლიერი მოთამაშეებიდან გამოსარჩევები არიან „ბენფიკას“ მეკარე ოდისეას ვლახოდიმოსი და „ნაპოლის“ ცენტრალური მცველი კოსტას მანოლასი. თუმცა, ეს უკანასკნელი ფეხბურთის ასოციაციასთან დაპირისპირების გამო საბერძნეთის ნაკრებიდან ცოტა ხნის წინ გააგდეს.

კოსოვო საშუალოზე დაბალი დონის ნაკრებია. საინტერესო იქნება ბრძოლა კოსოვოს წინააღმდეგ, ქვეყანასთან, რომელსაც ესპანეთი არ ცნობს პოლიტიკურად, მიუხედავად იმისა, რომ მას ფიფა-უეფა-ს ტურნირებზე მონაწილეობის მისაღებად მწვანე შუქი აუნთეს. შვეიცარიელი მწვრთნელის, ბერნარდ შალანდის განკარგულებაში არიან ვედატ მურიქი („ლაციო“) და ვალონ ბერიშა („სტად დე რეიმსი“) – კოსოვოს მთავარი ცნობილი ფეხბურთელები.

საქართველო დაბალი დონის ნაკრებია. მწვრთნელი რამაზ სვანაძე რამდენიმე ელიტარული ფეხბურთელის გუნდს ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკრული გუნდია, რომლის დამარცხებაც ზოგჯერ რთულია, საქართველო ჯგუფში ტოპ ლიგის მოთამაშეების კუთხით ყველაზე ღარიბი ნაკრებია.