„ესპანიოლის“ პროექტების ყოფილი მენეჯერი - მთავრობამ ბიზნესს 20 მილიარდი ევრო გამოუყო, ეს „ლა ლიგის“ კლუბებს დაეხმარება
„ესპანიოლის“ პროექტების ყოფილი მენეჯერი - მთავრობამ ბიზნესს 20 მილიარდი ევრო გამოუყო, ეს „ლა ლიგის“ კლუბებს დაეხმარება

„შესაძლოა, პრობლემები ესპანეთში ყველა კლუბებს შეექმნა, მაგრამ ლიკვიდაცია ჯერ არც ერთ ცნობილ კლუბს არ გამოუცხადებია. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, დაბალი ლიგის კლუბები გაკოტრდებიან“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი დირექტორი ზურაბ ჩაკვეტაძე, ქართველი იურისტი, რომელიც ბოლო წლები ესპანეთში ცხოვრობს და საქმიანობს.

ჩაკვეტაძე „ლა ლიგის“ „ესპანიოლში“ გუნდის მართვის სისტემატიზაციისა და სტრუქტურული სრულყოფის პროექტის მენეჯერი იყო. იგი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ კლუბებს ფინანსურ პრობლემების მოსაგვარებლად წინაპირობა გააჩნიათ: „ესპანური კლუბების მეპატრონეებისა და აქციონერების 99 პროცენტი ბიზნესშია. მათ სერიოზული პრობლემა შეექმნათ, მაგრამ ესპანეთის მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ბიზნესს 20 მილიარდი ევრო გამოუყო, რათა დიდი დანაკლისი თავიდან აიცილონ. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი გადარჩება, ეს ადამიანები კი საფეხბურთო კლუბებს ისევ დაეხმარებიან, ესპანეთმა ელიტაში პოზიციები რომ შეინარჩუნოს“.

მისი თქმით, ესპანეთში პანდემიის დასრულებას და ჩემპიონატის განახლებას მაისისთვის იმედოვნებენ: „იმედოვნებენ, რომ დაინფიცირებულთა რიცხვი აპრილის ბოლოდან შემცირდება. ასეთ შემთხვევაში, სფეროები ჩვეულ რეჟიმს რისკების მიხედვით დაუბრუნდებიან. ყველაზე გვიან იმ სფეროებს აამუშავებენ, სადაც ხალხის ყველაზე მეტი თავშეყრა ხდება, მათ შორის – ფეხბურთში. მიახლოებით გათვლებით, ეს მაისის ბოლოს მოხდება და დიდი ალბათობით, თამაშები თავიდან უმაყურებლოდ ჩატარდება“.