ესპანეთში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
ესპანეთში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ესპანეთში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ქვეყანაში ადგილობრივი რეპერის დაპატიმრების გამო არეულობა მეექვსე დღეა, გრძელდება. „როიტერის“ ცნობით, ბარსელონაში კვირას გამართულ აქციაზე დემონსტრანტებმა პოლიციას ბოთლები, ნაგვის ურნები და ქვები დაუშინეს.

კატალონიის პოლიციის ცნობით, მაღაზიების ძარცვის გამო კვირას საღამოს ხუთი პირი დააკავეს. შეტაკების დროს დაშავდა ერთი სამართალდამცველი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა დაახლოებით ათასმა დემონსტრანტმა მიიღო.

„თქვენ გვასწავლეთ, რომ მშიდობიანად ყოფნა უსარგებლოა“, – ეწერა ერთ-ერთი დემონსტრანტის პლაკატზე.

შაბათს საღამოს გამართულ აქციაზე დემონსტრანტებმა პოლიციას ბოთლები ესროლეს, ნაგვის კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს და მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს.

ქალაქის საბჭოს ცნობით, ხუთი საღამოს განმავლობაში მიმდინარე არეულობამ ბარსელონას 900 000 ევროს ოდენობის ზიანი მიაყენა.

ესპანელი რეპერის, პაბლო ჰარსელის დაკავების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 95-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ქალმა თვალი დაკარგა, რაც პოლიტიკოსების მხრიდან პოლიციის ქმედების გამოძიების დაწყების მოწოდებების საფუძველი გახდა.

ესპანეთის სასამართლომ რეპერი პაბლო ჰასელი მონარქიის შეურაცხყოფასა და ტერორისტული ძალადობის წახალისებაში დამნაშავედ ცნო და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პაბლო ჰასელის მომხრეები მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. რეპერის მხარდამჭერ პეტიციას 200-ზე მეტმა ხელოვანმა მოაწერა ხელი, მათ შორის, რეჟისორმა პედრო ალმოდოვარმა და მსახიობმა ხავიერ ბარდემმა.