ესპანეთში ლიდერები იგებენ, ლიდერების ლიდერები რეკორდს რეკორდზე ამყარებენ | მე-15 ტური
ესპანეთში ლიდერები იგებენ, ლიდერების ლიდერები რეკორდს რეკორდზე ამყარებენ | მე-15 ტური

კატალონიელებმა სტუმრად 2:0 მოუგეს ვილიარეალს. ბარსამ ბოლო წუთებში გატეხა 10 კაცით დარჩენილი მასპინძელი. ჯერ ლუის სუარესმა გაიტანა, ხოლო შემდეგ კი მესიმ, თავისი 525-ე გოლი გაიტანა კლუბის მაისურით. ამდენი გოლი კი ერთი გუნდის მაისურით მხოლოდ ბავარიელ გერდ მიულერს ჰქონდა გატანილი.

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამგზავრებამდე, სადაც რეალი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის იბრძოლებს, სამეფო კლუბმა სანტიაგო ბერნაბეუზე პირველ ტაიმში მოუგო თამაში სევილიას. მადრიდელებმა პირველი ნახევარი 5:0 მოიგეს. რონალდომ, რომელმაც მატჩის დაწყების წინ ხუთივე ოქროს ბურთი გამოფინა, მიმდინარე პირველობაზე პირველი დუბლი შეასრულა. პორტუგალიელს ყველაზე ხშირად სწორედ სევილიას კარში გააქვს. რონალდომ საკლუბო დონეზე თავისი მე-500 მატჩი მოიგო. იგი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 7 წლის მანძილზე, სეზონში 50-ზე მეტი გოლის გატანა შეძლო. ერთი ბურთი ტონი კროოსმა შეაგდო. 2 ბურთის გატანა მცველებმა შეძლეს, ნაჩომ და 19 წლის მაროკოლემა ჰაკიმმა.

ვალენსია საუკეთესოა საკუთარ კედლებში აღებული ქულებით, მესტალიაზე მათ 8-დან მეექვსე მატჩი მოიგეს ლიგაში და მეორე ადგილიც შეინარჩუნეს. ვიგოს სელტასთან პირველი ნახევარი მასპინძლებმა ძაძას გოლით მოიგეს. იტალიელმა მე-10 ბურთი გაიტანა. მეორე ნახევრის დასაწყისში სეზონში თავისი მე-9 გოლით ასპასმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლი შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე პენალტით პარეხომ გაიტანა.

კვლავ დაუმარცხებელია ატლეტიკო, რომელსაც ლიგაში, კლუბის ისტორიაში სარეკორდო 19 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. სიმეონეს გუნდმა, გრიზმანის გარეშე, მისთვის დამახასიათებელი მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგო. საულ ნიგესმა 29-ე წუთზე გაიტანა. ატლეტიკომ კატენაჩოს ესპანური ვარიანტით, ფეხბურთი უბურთოთ ითამაშა, ბურთის ფლობის უპრეცედენტოდ დაბალი პროცენტული მაჩვებლით-26 და მიზანს მიაღწია. მადრიდელებს 15 მატჩში ყველაზე ცოტა, მხოლოდ 7 ბურთი აქვთ გაშვებული. ბეტისმა, რომელმაც სეზონი მაგრად დაიწყო, ბოლო 6 ტურში მარტო 2 ქულის აღება შეძლო.

ალავესში აბელარდოს მისვლის შემდეგ, გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და 2 მატჩში იმდენივე ქულა დააგროვა, რამდენიც წინა 13 თამაშში ჰქონდა. ბასკებმა შინ ლას პალმასს იბაი გომესის და ელ ჰადადის გოლებით 2:0 მოუგო. იბაი გომესმა ბოლო 4 შეხვედრაში 4 ბურთი გაიტანა.

ტურში ერთი უგოლო მატჩიც იყო. ხეტაფე-ეიბარის შეხვედრაში, გუნდებმა ვერც თამაშიდან გაიტანეს და ვერც პენალტიდან შეაგდეს. 11 მეტრიანი ეიბარმა გააფუჭა.

მოულოდნელი გახლდათ სოსიედადის საშინაო მარცხი მალაგასთან 0:2.

დეპორტივომ მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო რიასორზე ლეგანესთან შეხვედრაში 1:0. სტუმრებს მთელი მატჩის მანძილზე ზუსტად კარში არ დაურტყამთ.

6 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა ბილბაოს ატლეტიკმა, რომელმაც ლევანტესთან სტუმრად 2:1 მოიგო. აქ პენალტიც იყო და აქეთ-იქეთ ავტოგოლები. პენალტიდან არიც ადურისმა გაიტანა, რომელიც ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგაში გაიტანა. ბასკი მატჩის დღეს 36 წლის 302 დღის გახლდათ. ასე რომ ადურისმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. შეგახსენებთ, რომ იგი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ლიგის ერთ შეხვედრაში 5 ბურთის გატანა შეძლო.

მე-15 ტური ესპანიოლისა და ჟირონას მატჩით დასრულდა. კორნელია ელ პრატზე სტუმრებმა 1:0 მოიგეს და პირველ ექვსეულს მიუახლოვდნენ.