ესპანეთს რუბიოს 38-მა ქულამ ვერ უშველა - სლოვენია შეუჩერებელია #1TVSPORT
ესპანეთს რუბიოს 38-მა ქულამ ვერ უშველა - სლოვენია შეუჩერებელია #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე კალათბურთის მეოთხედფინალები მიმდინარეობს, სადაც ოთხი წყვილიდან სამში გამარჯვებულის ვინაობა უკვე გაირკვა.

პირველ მატჩში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, სლოვენიის ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა და მარტივად მოიგო. საუკეთესო ამჯერად ზორან დრაგიჩი იყო, რომლის ანგარიშზეც 27 ქულაა. ლუკა დონჩიჩს მორიგ სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა, „დალასის“ ახალგაზრდა მოთამაშემ 20 ქულა, 11 პასი და 8 მოხსნა დააგროვა. ალექსანდრ სეკულიჩის გუნდი ტოკიო 2020-ზე წაუგებლად ასპარეზობს და ფინალის საგზურისთვის საფრანგეთის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებული აშშ დაამარცხა.

საფრანგეთი ნახევარფინალში გასასვლელად იტალიის ნაკრებს შეხვდა და მიუხედავად პირველ მეოთხედში მარცხისა, თამაში თავის სასიკეთოდ შემოატრიალა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა სიმონე ფონტექიოს, რომელმაც 23 ქულა დააგროვა. გამარჯვებული გუნდიდან კი ყველაზე შედეგიანი „იუტა ჯაზის“ ცენტრი, რუდი გობერი იყო 22 ქულითა და 9 მოხსნით.

კიდევ ერთ მეოთხედფინალურ შეხვედრაში აშშ ესპანეთს დაუპირისპირდა. თუ გავითვალისწინებთ, გრეგ პოპოვიჩის გუნდის ფორმას, გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი სენსაციის მოლოდინშიც იყო, მაგრამ კევინ დურანტმა შეხვედრა ფენომენალურად ჩაატარა და 29 ქულით თავის გუნდს ულიდერა. ესპანელებს კი რიკი რუბიოს 38 ქულა მოსაგებად არ ეყოთ. მიუხედავად პირველი ტაიმის თანაბარი ანგარიშით დასრულებისა, აშშ-მა მესამე და მეოთხე მეოთხედებში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა ცოტა ხანში ავსტრალიასა და არგენტინას შორის გაირკვევა, სადაც ფავორიტებად, რა თქმა უნდა, კუნძულელები ითვლებიან.