ესპანეთმა ლიეტუვას რვა ქულით მოუგო
ესპანეთმა ლიეტუვას რვა ქულით მოუგო

ევროპულმა გრანდებმა დაიწყეს მზადება კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისთვის. პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს ესპანეთმა და ლიეტუვამ. ისინი ერთმანეთს პამპლონაში დაუპირისპირდნენ.

სტუმრებს სერიოზული დანაკლისი ჰქონდათ – არ უთამაშიათ იონას ვალანჩუნასს, დომანტას საბონისს, პაულიუს იანკუნასსა და რენალდას სეიბუტისს. ესპანელებს აკლდათ მარკ გასოლი და რუდი ფერნანდესი.

გუნდებმა ასეთი სასტარტო ხუთეულებით დაიწყეს:

ესპანეთი – რუბიო, იული, კლავერი, ხუანჩო ერნანგომესი, ვილი ერნანგომესი.

ლიტვა – გებენასი, გრიგონისი, კუზმინსკასი, ლეკავიჩუსი, მაჩიულისი.

ოთხიდან სამი მეოთხედი თანაბარი გამოვიდა. გამონაკლისი მხოლოდ მეორე მეოთხედი იყო, რომელიც ესპანეთმა რვა ქულით – 23:15 მოიგო. და საბოლოოდ, მასპინძლებმა სწორედ რვა ქულით გაიმარჯვეს – 78:70 (17:18, 23:15, 20:19, 18:18).

ესპანელთა საერთო მონაგარის ნახევარზე მეტი ვილი ერნანგომესმა (23 ქულა) და რიკი რუბიომ (21) მიითვალეს. ლიეტუვას რიგებში 10 ქულა ჰქონდა ლუკას ლეკავიჩუსს.