ესპანეთმა დევისის თასი მეექვსედ მოიგო, ნადალმა - მეოთხედ
ესპანეთმა დევისის თასი მეექვსედ მოიგო, ნადალმა - მეოთხედ
2019 წლის საჩოგბურთო სეზონი რაფაელ ნადალისთვის ტრიუმფალურად დასრულდა. მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა ესპანელმა გაინაღდა წლის პირველ ნომრად დასრულება, ნადალმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად დევისის თასი მოიგო.
ეს ტურნირის ახალი ფორმატით ჩატარდა და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა მადრიდში.
ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და კანადის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა ტიტულისკენ პირველი დიდი ნაბიჯი მაშინ გადადგეს, როცა ფინალის პირველ მატჩში რობერტო ბაუტისტა აგუტმა 7:6(3), 6:3 დაამარცხა ფელიქს ოჟე-ალიასიმი და თავისი გუნდი დააწინაურა. ბაუტისტა აგუტმა ტურნირის მსვლელობისას დატოვა გუნდი მამის გარდაცვალების გამო, მაგრამ ფინალისთვის დაბრუნდა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
რჩებოდა მეორე მატჩში რაფაელ ნადალის მოგება და ესპანეთი ჩემპიონი გახდებოდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 6:3, 7:6(7) დაამარცხა დენის შაპოვალოვი და წყვილების მატჩის ჩატარება საჭირო აღარ გახდა.
რაფაელ ნადალმა რვა მატჩი ჩაატარა ერთი კვირის განმავლობაში და ყველა მოიგო. აქედან ხუთი ერთეულებში იყო და სამი – წყვილებში. ნადალმა ჯამში მხოლოდ ერთი სეტი დათმო. ესპანელს ფანტასტიკური სერია აქვს დევისის თასზე – ერთეულებში ზედიზედ 29 (!) მატჩი მოიგო.
ესპანეთმა მეექვსედ მოიგო დევისის თასი, აქედან ოთხი ტრიუმფი რაფაელ ნადალზე მოდის. ამ ჩოგბურთელისთვის 2019 წელი ძალიან წარმატებული გამოვიდა – სეზონი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა, მოიგო როლან გაროსი, აშშ-ის ღია პირველობა, რომის „მასტერსი“ და მონრეალის „მასტერსი“.