ესპანეთის ყოფილი მონარქი ხუან კარლოსი, რომელმაც ქვეყანა დატოვა, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
ესპანეთის ყოფილი მონარქი ხუან კარლოსი, რომელმაც ქვეყანა დატოვა, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა

ესპანეთის ყოფილი მონარქი ხუან კარლოსი, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ფოტოს ესპანური გამოცემა ავრცელებს.

„ბიბისის“ ცნობით, ხუან კარლოსმა ხუთვარსკვლავიან „ემირატ პალას ჰოტელში“ მთელი სართული იქირავა.

ყოფილმა მეფემ ქვეყნის დატოვების გეგმების შესახებ ორშაბათს განაცხადა და აღნიშნა, რომ თუ პროკურორებს მისი დაკითხვა დასჭირდებოდათ, ის ხელმისაწვდომი იქნებოდა. ყოფილი მონარქი რაიმე დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

ხუან კარლოსმა თითქმის 40-წლიანი მმართველობის შემდეგ ტახტი დატოვა და მონარქობა მის ვაჟს, ფილიპეს გადააბარა. ამას წინ უძღოდა კორუფციული სკანდალი და გამოძიება, რომელშიც მისი სიძე ფიგურირებდა, ასევე, ესპანეთში მწვავე ფინანსური კრიზისის დროს ხუან კარლოსის სპილოებზე სანადიროდ გამგზავრება.

ივნისში კი ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გამოძიება დაიწყო ჩქაროსნული რკინიგზის კონტრაქტში ხუან კარლოსის სავარაუდო ჩართულობასთან დაკავშირებით, რომელიც საუდის არაბეთთან გაფორმდა.

დატოვე კომენტარი