ესპანეთის ყოფილი მეფე ქვეყანას ტოვებს
ესპანეთის ყოფილი მეფე ქვეყანას ტოვებს

კორუფციის ბრალდების ფონზე ესპანეთის ყოფილი მეფე ქვეყანას ტოვებს. ესპანეთის ყოფილ მონარქს გადასახადების დამალვაში, ფულის გათეთრებასა და ფინანსური დოკუმენტების გაყალბებაში სდებენ ბრალს.

ხუან კარლოსმა სამშობლოდან გახიზვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შვილს, ესპანეთის მოქმედ მეფეს, ფილიპე მეექვსეს უკვე აცნობა. ამის მიზეზად მან „ესპანეთის კეთილდღეობაზე ზრუნვა“ დაასახელა.

ხუან კარლოსი განმარტავს, რომ სამშობლოს დატოვებისკენ მას „ადამიანური ღირსების გრძნობამ უბიძგა.“ მისივე თქმით, თუ პროკურატურა მის დაკითხვას გადაწყვეტს, ის ჩვენების მისაცემად მზად არის.

„ბიბისის“ ცნობით, ესპანეთის უზენაესი სასამართლო მექასა და მედინას დამაკვშირებელი სწრაფი მატარებლების ხაზის გაყვანის შესახებ საუდის არაბეთის მთავრობასა და ესპანურ კომპანიას შორის გაფორმებულ კონტრაქტში ხუან კარლოსის მონაწილეობას იძიებს. გამოძიება ასევე ვარაუდობს, რომ ყოფილ მონარქს შვეიცარიის ბანკში არადეკლარირებული თანხა აქვს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის გაზაფხულზე კორუფციული სკანდალის გამო ფილიპე მეექვსემ მამას და ყოფილ მონარქს ბიუჯეტიდან გამოყოფილი ყოველწლიური ანაზღაურება, 194 000 ევრო გაუუქმა.

ხუან კარლოსმა ტახტზე უარი 2014 წელს, 40-წლიანი მმართველობის შემდეგ თქვა. ამ გადაწყვეტილებას თან ახლდა მეფის სიძის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაწყებული გამოძიება.

დატოვე კომენტარი