ესპანეთის თავდაცვის მინისტრი - სავსებით შესაძლებელია, რუსული ბალისტიკური რაკეტა ესპანეთსაც მისწვდეს
ესპანეთის თავდაცვის მინისტრი - სავსებით შესაძლებელია, რუსული ბალისტიკური რაკეტა ესპანეთსაც მისწვდეს

ესპანეთის თავდაცვის მინისტრი მარგარიტა რობლესი აცხადებს, რომ სავსებით შესაძლებელია, რუსული ბალისტიკური რაკეტა ესპანეთსაც მისწვდეს. რობლესი ამ განცხადებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი რუსეთის „სახელმწიფოს არსებობას“ შეეხება.

„მინდა, მივმართო ესპანელ ხალხს, რადგან ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ არ ვიაზრებთ იმ უდიდეს საფრთხეს, რომელიც მოცემულ მომენტში არსებობს, არა მარტო უკრაინაში, არამედ ღაზასა და საჰელში, სადაც სიტუაციას მეც ძალიან პესიმისტურად ვუყურებ“, – განაცხადა მინისტრმა.

რობლესის თქმით, ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ საფრთხე ძალიან ახლოსაა და ეს არა უბრალო ჰიპოთეზა, არამედ რეალურია. როგორც რობლესი აღნიშნავს, ამ საფრთხეს ყველაზე კარგად რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები ხვდებიან.

„ჩვენ სრულად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები და მშვიდობა ევროპაში საფრთხის ქვეშაა“, – ამბობს ესპანეთის თავდაცვის მინისტრი.

რობლესი ასევე შეეხო უკრაინის საკითხსაც. მისი თქმით, ესპანეთი ყველაფერს გააკეთებს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს უკრაინას.

„უკრაინის მხარდაჭერა არა მარტო მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვანის, კონკრეტულად კი მშვიდობისა და ღირებულებების, რომლებიც ახასიათებს დემოკრატიულ თანაარსებობს ევროპაში და რომელსაც ემუქრება პუტინი“, – განაცხადა რობლესმა.