ესპანეთის სუპერთასი სამი წლის განმავლობაში საუდის არაბეთში გაიმართება
ესპანეთის სუპერთასი სამი წლის განმავლობაში საუდის არაბეთში გაიმართება

ესპანეთის სუპერთასის მატჩები მომდევნო სამი წლის განმავლობაში საუდის არაბეთში გაიმართება, – ამის შესახებ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური წერს.

პირველი ტურნირი 8-12 იანვარს ქალაქ ჯიდაში „კინგ აბდელას“ სტადიონზე გაიმართება, რომელიც 62 ათას მაყურებელს იტევს. „ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“ და „ვალენსია“  ტურნირს ნახევარფინალური რაუნდიდან დაიწყებენ.

ესპანეთში სუპერთასის საუდის არაბეთში ჩატარება გააკრიტიკეს, რადგან ამ ქვეყანაში ქალებს სტადიონზე შესვლა შეზღუდული აქვთ. თუმცა, ესპანეთის სუპერთასის ორგანიზატორებმა მიიღეს გარანტია ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომ ქალებს იანვარში მატჩებზე დასწრების პრობლემა არ ექნებათ.

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში „იუვენტუსსა“ და „ლაციოს“ შორის იტალიის სუპერთასის მატჩი 22 დეკემბერს გაიმართება.