ესპანეთის ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა [ფოტო] #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა [ფოტო] #1TVSPORT

დღეს, 7 სექტემბერს ევრობასკეტი 2022-ის A ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. „თბილისი არენაზე“ პირველი მატჩი ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებს შორის გაიმართა, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის, სკარიოლოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა 72-69.

თამაშის დასაწყისი თურქების მცირე უპირატესობით წარიმართა და პირველ მეოთხედში მეტოქეს მხოლოდ 1 ქულით მოუგეს. მეორე მეოთხედში ესპანელები ატამანის გუნდს 5 ქულით გაექცნენ და საბოლოო ჯამში, პირველი ტაიმი 4 ქულით მოუგეს. უპირატესობის მოპოვებაში მთავარი როლები ძმებმა ერნანგომესებმა ითამაშეს – პირველ ორ პერიოდში „ტორონტო რეპტორსის“ მოთამაშის ანგარიშზე 8 ქულა იყო, ვილის კი 9 ქულა ჰქონდა.

მესამე მეოთხედის შუა მონაკვეთში თურქებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბოლოს ესპანელები 6 ქულით წინ გავიდნენ. ბოლო პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მატჩის ბედი კი ბოლო წამებმა გადაწყვიტა – თურქეთი 1 ქულით აგებდა და საბოლოო შეტევისთვის 22 წამზე მეტი ჰქონდა დარჩენილი. ბურთის გათამაშების შემდეგ კი ესპანელთა ალბერტო დიასმა შესანიშნავად ითამაშა და შეინ ლარკინს ბურთი წაართვა. საბოლოო ჯამში, ესპანეთმა მე-4 გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ორივე გუნდის მხრიდან 20 ქულით საუკეთესო ჩედი ოსმანი იყო, ესპანელთა მხრიდან კი ყველაზე მეტი ქულა ვილი ერნანგომესს ჰქონდა – 16 ქულა.

„თბილისი არენაზე“ დღეს ჩვენი ნაკრებისთვის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. პირველ შეხვედრაში ჯგუფიდან გასასვლელად გვჭირდება, რომ ბელგიამ ბულგარეთი დაამარცხოს, სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში კი პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად საქართველომ მონტენეგროს უნდა მოუგოს. ორივე მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.