ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ვინისიუს ჟუნიორს წითელი ბარათი გაუუქმა #1TVSPORT
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ვინისიუს ჟუნიორს წითელი ბარათი გაუუქმა #1TVSPORT

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს, ვინისიუს ჟუნიორს „ვალენსიასთან“ მიღებული წითელი ბარათი გაუუქმა, – ინფორმაციას გამოცემა mundodeportivo ავრცელებს.

„ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს, ვინისიუს ჟუნიორს „ვალენსიასთან“ მატჩის დროს უგო დუროსთან ჩხუბის გამო მიღებული წითელი ბარათი გაუუქმა“, – წერს mundodeportivo.

საშეჯიბრო კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა: „კომიტეტის წევრებს მიაჩნიათ, რომ მსაჯის გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ არბიტრს ეს მომენტი გამოეპარა და ვერ შეძლო ადეკვატურად შეეფასებინა მომხდარი – ეს კი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას არსებითი ფაქტორი იყო“ .

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ VAR-ზე მომუშავე ექვსი მსაჯიც დასაჯა, მათ შორისაა „ვალენსია“-„რეალის“ მატჩის VAR-ის მომსახურე არბიტრთა ხელმძღვანელი იგლესიას ვილანუევაც. მიზეზი ისაა, რომ ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებული ეპიზოდის გარჩევისას მან არბიტრს სრული სურათი არ აჩვენა – მხოლოდ ბრაზილიელის დანაშაულზე მიანიშნა, უგო დუროს მიერ ბრაზილიელისთვის ყელში წაჭერის ეპიზოდი კი გამოეპარა. გამოცემა MARCA იუწყება, რომ „რეალი“ VAR-ის სისტემის გამოყენებაში მნიშვნელოვან ცვლილებს ითხოვს.

„რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ვინისიუსის დაცვისას მსაჯთა კორპუსის განახლება მოითხოვა: „მინდა, განვაცხადო, რომ მადრიდის „რეალი“ ჩვენი ფეხბურთელების წინააღმდეგ მიმართულ რასისტულ ინციდენტებს აღარ მოითმენს. მსაჯების სტრუქტურა უნდა შეიცვალოს, რათა დანაშაულის მსხვერპლმა არ აგოს პასუხი, როგორც ეს ახლა ხდება“.