ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია თანახმაა, ლა ლიგის ეგიდით „ბარსელონამ“ და „ვილიარეალმა“ აშშ-ში ითამაშონ #1TVSPORT
ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) დაამტკიცა ლა ლიგის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს დეკემბერში „ბარსელონასა“ და „ვილიარეალის“ მატჩის ჩატარებას აშშ-ში. ახლა მხოლოდ უეფა-სა და ფიფა-ს თანხმობაა საჭირო.
ესპანეთის საფეხბურთო ლიგის შეხვედრა ქვეყნის გარეთ აქამდე არ ჩატარებულა. „ბარსელონასა“ და „ვილიარეალის“ შეხვედრის გამართვას 20 დეკემბერს, მაიამიში მდებარე „ჰარდ როკ სტადიონზე“ გეგმავენ. შემდეგ ეტაპზე წინადადებას განიხილავს უეფა, ხოლო საბოლოო ავტორიზაცია ფიფა-სგან იქნება საჭირო.
„2025 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე RFEF-ის დირექტორთა საბჭომ მიიღო „ვილიარეალისა“ და „ბარსელონას“ თხოვნა, რომ უმაღლეს დივიზიონში მე-17 ტურის შეხვედრა აშშ-ში ჩატარდეს“, – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
ლა ლიგის მცდელობები, შეხვედრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარდეს, ჯერ კიდევ 2018/2019 წლების სეზონიდან დაიწყო, როდესაც „ჟირონა“-„ბარსელონას“ მატჩი აშშ-ში ვერ შედგა. ერთი წლის შემდეგ, „ვილიარეალისა“ და „ატლეტიკო მადრიდის“ დაპირისპირებაც გაუქმდა, მას შემდეგ, რაც ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა ნებართვა არ გასცა.
რუბიალესი 2023 წელს თანამდებობიდან გადააყენეს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო ცერემონიაზე მისი სკანდალური საქციელის გამო. ამის შემდეგ, ფედერაციასა და ლა ლიგას შორის ურთიერთობა დადებითად განვითარდა და თანამშრომლობა განახლდა. გასულ სეზონში, აშშ-ში „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი თითქმის შედგა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიდო, რათა ლოგისტიკური დეტალები გამართულიყო.