რეალ მადრიდის ფორვარდი გარეტ ბეილი არ დაისჯება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ, რადგან ამ უკანასკნელმა მის ქმედებებში მიუღებელი ვერაფერი დაინახა. შესაბამისად, ამ კვირაში დაგეგმილი ორი მატჩისთვის, რომელსაც მადრიდელები ბარსელონას წინააღმდეგ გამართავენ, ბეილი მოედანზე გასასვლელად მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში, მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ მატჩში (3-1 რეალის სასარგებლოდ), გარეთ ბეილმა მესამე გოლი გაიტანა და ეს პროვოკაციული ჟესტით აღნიშნა.

ლა ლიგამ ოფიციალურად მიმართა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას, რომ ფეხბურთელის წინააღმდეგ დისციპლინარული სასჯელი გამოტანილიყო, თუმცა ფეხბურთის მმართველმა ორგანომ პროვოკაციული ან შეურაცხმყოფელი ბეილის ჟესტში ვერაფერი დაინახა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე, რეალ მადრიდი და ბარსელონა ერთმანეთს სამეფო თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში შეხვდებიან (პირველი მატჩი ბარსელონაში 1-1 დასრულდა), ხოლო შაბათს, 2 მარტს, ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გაარკვევენ ურთიერთობებს.
ორივე მატჩი მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.