ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია დე ლა ფუენტესთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს #1TVSPORT
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რაფაელ ლოუსანი აპირებს, ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეინარჩუნოს ლუის დე ლა ფუენტე და მან გუნდს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატზე უხელმძღვანელოს. მხარეები მოლაპარაკებებს შემოდგომაზე დაიწყებენ.
2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა ესპანეთი იქნება.
„შეიძლება ითქვას, რომ დე ლა ფუენტე ჩვენთან დიდი ხნით დარჩება. სწორედ მე ვიყავი წინა შემთხვევაში მასთან კონტრაქტის გაგრძელებით დაკავებული. მაშინ მე მერგო წილად პატივი, გამეფორმებინა მნიშვნელოვანი, აუცილებელი და სამართლიანი ხელშეკრულება. ახლა ჩვენი ამოცანაა, შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესოთ კონტრაქტის პირობები და გავაგრძელოთ თანამშრომლობა. 2030 წელს ჩვენ გველოდება ისტორიული მოვლენა და გვინდა, რომ ლუისი მისი ნაწილი გახდეს“, – მოჰყავს ლოუსანის სიტყვები გაზეთ AS-ს.
65 წლის ესპანელ სპეციალისტთან მოქმედი ხელშეკრულება ევრო 2028-ის ბოლომდეა გაფორმებული.