ესპანეთის ელჩი საქართველოში - „დინამოში" ესპანელების როლი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აღრმავებს
ესპანეთის ელჩი საქართველოში - „დინამოში" ესპანელების როლი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აღრმავებს

ესპანურენოვანი „ევროსპორტი” თბილისის „დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე თურქეთსა და საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩის, ხუან გონსალეს-ბარბას და ჩვენს ქვეყანაში ესპანეთის სამეფოს დროებითი რწმუნებულის, ფრანსისკო კაპოტეს სტუმრობას გამოეხმაურა.

„ესპანეთის ელჩი ესტუმრა თბილისის „დინამოს”, რომელიც ცნობილია როგორც საქართველოს „ესპანური კლუბი”, რომელსაც ესპანეთის მწვრთნელი და რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს”, – წერს გამოცემა.

დიპლომატებმა თბილისის „დინამოს” ესპანელი მწვრთნელები, ფელის ვისენტე, ჩისკო მუნიოსი და ფეხბურთელები მოინახულეს და გაამხნევეს. ჩისკომ ხუან გონსალეს ბარბას სამახსოვროდ მისთვის დამზადებული თბილისის „დინამოს” ფორმა უსახსოვრა.

„ის ფაქტი, რომ „დინამოში” ესპანელებს დიდი როლი დაეკისრათ, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. იმედი მაქვს, რომ ისინი თბილისურ გუნდს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარებიან. 15 წლის ვიყავი, როდესაც „დინამო” თასის მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა – ქართული ფეხბურთი მას შემდეგ გავიცანი. ჩემთვის ასეთი ცნობილი კლუბის მოწვევა დიდი პატივია”, – განაცხადა ელჩმა.

ხუან გონსალეს-ბარბამ თბილისის „დინამოს” ყოფილ ფეხბურთელსა და ამჟამინდელ მწვრთნელზე, ჩისკოზე ილაპარაკა.

„ამ გუნდში თამაშობდა ხისკო, რომელიც საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ის აქ ესპანეთის სახალხო ელჩი იყო, რადგან ჩისკო საქართველოში ძალიან უყვარდათ”, – აცხადებს ხუან გონსალეს-ბარბა.