„ესოშიეტიდ პრესი“ - ბაიდენის ადმინისტრაცია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნებას გეგმავს
„ესოშიეტიდ პრესი“ - ბაიდენის ადმინისტრაცია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 8 თებერვალს გამოაცხადებს, რომ ვაშინგტონი ჟენევაში ბაზირებულ გაერო-ს ორგანიზაციას დამკვირვებლის სტატუსით უბრუნდება და სამომავლოდ ქვეყნის სრულუფლებიან წევრად არჩევას შეეცდება.

„ესოშიეტიდ პრესი“ წერს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება სავარაუდოდ ქვეყნის კონსერვატიული კონგრესმენებისა და ისრაელის მხარდამჭერი ძალების კრიტიკას გამოიწვევს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა საბჭო „უნდა რეფორმირდეს“ და ამის მისაღწევად ყველაზე ეფექტური გზაა „მასთან ურთიერთობა, პრინციპების ხელმძღვანელობით“. თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ საბჭო არის „მნიშვნელოვანი ფორუმი მათთვის, ვინც იბრძვის ტირანიისა და უსამართლობის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში“.

ვაშინგტონმა 2018 წელს განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვების შესახებ, ამ გადაწყვეტილების მოტივად კი აშშ-ისა და ისრაელის მიმართ ორგანიზაციის მიკერძოებული დამოკიდებულება დაასახელა. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო მთელი რიგი რეზოლუციები, სადაც დაგმეს ებრაული სახელმწიფოს ქმედებები.