„ესოშიეითიდ პრესი“ – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას განიხილავს

02:39, 25.08.2026

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

საუბარია 2016-2026 წლებში გაცემულ ვიზებზე, რომელთა მფლობელებმაც აშშ-ში თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი შეიტანეს ან ამჟამად ითხოვენ თავშესაფარს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური პირები ანონიმურობის პირობით ავრცელებენ, რადგან გადაწყვეტილება საბოლოოდ ჯერ მიღებული არ არის.

აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტომი პიგოტმა. პიგოტმა უარი თქვა იმ ადამიანების ზუსტი რაოდენობის დასახელებაზე, რომელთა ვიზებიც შესაძლოა, გაუქმდეს, თუმცა აღნიშნა, რომ კოორდინაციაში არიან აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტთან.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტთან, რათა გამოვავლინოთ და გავაუქმოთ იმ უცხოელთა არასაიმიგრაციო ვიზები, რომლებიც შეერთებულ შტატებში მოკლევადიანი ვიზიტორების სტატუსით ჩამოვიდნენ, თუმცა შემდეგ თავშესაფრის მოთხოვნა შეიტანეს, რათა ქვეყანაში მუდმივად დარჩნენ. ეს პროცესი გაგრძელდება, გაუქმებული ვიზების რაოდენობა დინამიკურია და გადაწყვეტილებები ეტაპობრივად მიიღება“, – განაცხადა პიგოტმა.

ამასთან, ოფიციალური პირების განცხადებით, ვიზების გაუქმება ავტომატურად არ ნიშნავს ამ ადამიანების დაუყოვნებლივ დეპორტაციას.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის საიმიგრაციო სისტემა დიდი ხნის განმავლობაში თავშესაფრის მოთხოვნებით გადატვირთული იყო.

როგორც „ესოშიეითიდ პრესი“ წერს, ბოლო 18 თვის განმავლობაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაახლოებით 175 000 ვიზა გაუუქმა იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულში იყვნენ მსჯავრდებული ან ბრალდებული, მათ შორის ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში. ვიზები ასევე გაუუქმეს ადამიანებს, რომლებიც საჯაროდ აკრიტიკებდნენ აშშ-ის პოლიტიკას, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მსგავსი