„ესოშიეითიდ პრესი“ – აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა ხუთი დღის განმავლობაში 10 000 ადამიანი დააკავა
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა (ICE) ივნისის ბოლოს, ხუთი დღის განმავლობაში 10 000 ადამიანი დააკავა. „ესოშიეითიდ პრესის“ ცნობით, მონაცემები საჯაროდ ჯერ არ გამოქვეყნებულა და გამოცემამ ისინი ანონიმური წყაროსგან მოიპოვა.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ შტატებსა თუ ქალაქებში განხორციელდა დაკავებები.
მოპოვებული მასალები მიუთითებს, რომ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა მიდგომა შეცვალა. კერძოდ, დიდ ამერიკულ ქალაქებში მასშტაბური და ხმაურიანი ოპერაციების ნაცვლად, ახლა უფრო ნაკლებად თვალსაჩინო მეთოდებს იყენებს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ უწყება დაკავებების სტატისტიკას საჯაროდ არ აქვეყნებს, რის გამოც წინა პერიოდებთან ზუსტი შედარება რთულია. თუმცა, ბერკლის უნივერსიტეტის „დეპორტაციის მონაცემთა პროექტის“ მასალებზე დაყრდნობით, რომლებსაც საინფორმაციო სააგენტო გაეცნო, დღეში 2 000 დაკავება წინა თვეებთან შედარებით მკვეთრი, რეკორდული ზრდის ნიშანია.
აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სამართალდამცავი უწყებები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებენ.
„პირველივე დღიდან სამართალდამცავი ორგანოები ასრულებენ პრეზიდენტ ტრამპის დაპირებას, დააკავონ და ქვეყნიდან გააძევონ კრიმინალი არალეგალი მიგრანტები, მათ შორის მკვლელები, მოძალადეები, პედოფილები, დაჯგუფებების წევრები და ტერორისტები. ჩვენი გზავნილი ნათელია: თუ ქვეყანაში უკანონოდ შემოხვალთ, ჩვენ გიპოვით, დაგაკავებთ და ქვეყნიდან გაგაძევებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.