ეშლი ბარტი რიგით 27-ე პირველი ჩოგანია
ეშლი ბარტი რიგით 27-ე პირველი ჩოგანია

როლან გაროსის ჩემპიონი ეშლი ბარტი ბირმინგემის ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან საათსა და 29 წუთში დაამარცხა გერმანელი იულია გორგესი – 6:3, 7:5. ამ მოგების შემდეგ, ბარტიმ გაინაღდა ორშაბათიდან ლიდერობა ქალთა კლასიფიკაციაში – ის გაუსწრებს იაპონელ ნაომი ოსაკას, რომელიც და რიგით 27-ე ჩოგბურთელი გახდება, ვინც სათავეში ჩაუდგება WTA-ის რეიტინგს. გარდა ამისა, ბარტი მეორე ავსტრალიელი იქნება ისტორიაში, ვინც კლასიფიკაციის ლიდერობას ჩაიბარებს. პირველად ეს 43 წლის წინ შეძლო ივონ გულაგონგმა.

სამი წლის წინ, ბარტი ჩოგბურთიდან კრიკეტში წავიდა და რეიტინგში 623-ე ადგილამდე დაეშვა. წელს, მან ჯერ ტოპ-ათეულში შეაღწია, შემდეგ ტოპ-ხუთეულში, ახლა კი მსოფლიოს პირველი ჩოგანი ხდება.

გორგესთან მატჩის პირველი სეტი ბარტიმ ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო, მეორეში 0:3 ჩამორჩა, მაგრამ შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა, ორი ბრეიკის შესრულება და მეორე სეტის მოგება. ბარტისთვის ეს არის ზედიზედ მე-12 მოგება. ის პირველი ქალი ჩოგბურთელია ამ სეზონში, რომელსაც სამი ტიტული აქვს მოგებული.