ეს შესაძლებლობაა, ვისწავლო უდიდესი თავდამსხმელისგან - არაბული ავსტრალიაში იორკთან ითამაშებს #1TVSPORT
ეს შესაძლებლობაა, ვისწავლო უდიდესი თავდამსხმელისგან - არაბული ავსტრალიაში იორკთან ითამაშებს #1TVSPORT

ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის კლუბი „ლამია“ დატოვა და კარიერას ავსტრალიის A ლიგის „მაკარტურში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„ქართველი თავდამსხმელი, ბაჩანა არაბული „მაკარტურში“ ჩაირიცხა და კლუბმა თავისი ისედაც შთამბეჭდავი შემტევის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა. 28 წლის არაბული „მაკარტურს“ შეუერთდა მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა ერთწლაინ კონტრაქტს 2024 წლამდე გაგრძელების ოფციით. ძლიერი და მოძრავი ცენტრფორვარდი არაბული გუნდს უერთდება საბერძნეთის სუპერლიგიდან, სადაც ბოლო სამი სეზონი გაატარა „ლამიასა“ და „პანიონიოსში“. მან 66 მატჩი ჩაატარა საბერძნეთის ჩემპიონატში, გაიტანა 14 გოლი და მოიპოვა რეპუტაცია, რომ შორიდან და ეფექტურად გაჰქონდა. მანამდე არაბული უნგრეთში თამაშობდა „ბალმაზუივაროშსა“ და „პუშკაშის აკადემიაში“, ასევე საქართველოს „დინამო თბილისში“. 2017 წლის საერთაშორისო დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, რომლის ფორმითაც 7 მატჩი ჩაატარა“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა დუაიტ იორკმა, რომელიც ამჟამად „მაკარტურის“ მთავარი მწვრთნელია, ქართველის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

„ის მოდის საოცარი გოლების რეკორდით. არაბულს ვაკვირდებოდით და მისი სტილი მოგვეწონა. ის მემარცხენეა და ოდნავ განსხვავებულ სტილს მოიტანს. ვგრძნობთ, რომ გუნდის კიდევ ერთი კარგი ტრანსფერი იქნება და ეს უფრო კონკურენტუნარიანებს გაგვხდის. ჩვენ გვსურს შევქმნათ ჯანსაღი კონკურენცია მოთამაშეებს შორის და არაბულის აქ ყოფნა ამას აუცილებლად ხელს შეუწყობს“, – განაცხადა იორკმა.

მაკარტურის“ გენერალური დირექტორი სემ კრსლოვიკი.

„მოხარულები ვართ, რომ მომდევნო ორ სეზონში ბაჩანა შემოგვიერთდება. მან ჩვენს გუნდს დიდი გამოცდილება მოუტანა, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში უმაღლეს დივიზიონში და საერთაშორისო დონეზე თამაშობდა. მისი სტილი ჩვენს შეტევას გაამრავალფეროვნებს და გულშემატკივრებს გაახარებს“.

არაბულის თქმით, დუაიტ იორკთან მუშაობის შესაძლებლობა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც აიძულა დაეტოვებინა ევროპა და შეერთებოდა „მაკარტურს“.

„აღფრთოვანებული ვარ გუნდში გადმოსვლით და მოუთმენლად ველოდები სეზონის დაწყებას. ეს იქნება ფანტასტიკური შესაძლებლობა, ვითამაშო ავსტრალიაში და ვისწავლო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი თავდამსხმელისგან, დუაიტ იორკისგან“, – განაცხადა არაბულმა.

ავსტრალიის ჩემპიონატში, სადაც 2021 წლამდე ქართველს არ უთამაშია, უკვე სამი ფეხბურთელი ითამაშებს – ბაჩანა არაბულამდე „ნიუ ჯეთში“ ჯერ ბექა მიქელთაძე ჩაირიცხა, ახლახანს კი თბილისის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი ბექა დარცმელიაც გადავიდა.