ეს მოგზაურობა სასიამოვნო არ იქნება - ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგაზეც ქართველების გუნდს შეხვდება #1TVSPORT
ეს მოგზაურობა სასიამოვნო არ იქნება - ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგაზეც ქართველების გუნდს შეხვდება #1TVSPORT

ბრატისლავას „სლოვანთან“ მტკივნეული მარცხისა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც ბედის ირონიით ისევ ქართველების გუნდს, პოლონეთის ჩემპიონ „ლეხს“ შეხვდება.

პოზნანის გუნდში გასულ წელს საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი ჩაირიცხა, წელს კი კიევის „დინამოდან“ გიორგი წიტაიშვილი დაიმატეს. „ლეხი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულმა „ყარაბაღმა“ გასვლაზე წაგების შემდეგ შინ 5:1 დაამარცხა.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და პოლონეთის ჩემპიონს შორის 21 ივლისს პოზნანში გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრა საქართველოში ერთი კვირის შემდეგ, 28 ივლისსაა დაგეგმილი.

აზერბაიჯანელებთან წაგების შემდეგ პოლონური მედია „ლეხის“ წარმატებაზე დიდ იმედებს არ ამყარებს.

„კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში „ლეხის“ მეტოქე გაირკვა. პოლონეთის ჩემპიონი კვლავ კავკასიაში გაემგზავრება და საქართველოს ჩემპიონთან ითამაშებს. აგდამის „ყარაბაღთან“ მძიმე მარცხის შემდეგ (1:5), „ლეხის“ წევრები „სლოვანისა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრას ადევნებდნენ თვალს, რადგან ამ დუელში დამარცხებული იქნებოდა მისი მეტოქე კონფერენს ლიგაზე, სადაც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებული გუნდები ვარდებიან. საბოლოოდ სლოვაკებმა ორი გოლი გაიტანეს და შემდეგ ტურში გავიდნენ. გადამწყვეტი გოლი კი (2:1) ბრატისლაველი ფეხბურთელების სასარგებლოდ პირდაპირ კუთხურიდან გავიდა. ამიტომ „ლეხს“ კავკასიაში მორიგი მოგზაურობა ელოდება. აზერბაიჯანში ბოლო წაგების შემდეგ ეს მოგზაურობა სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება“, – წერს „პილკა ნოჟნა“.