ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს - დონეცკის „შახტარში“„დინამოდან“ ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს #1TVSPORT
ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს - დონეცკის „შახტარში“„დინამოდან“ ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს #1TVSPORT

„დინამო თბილისიდან“ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ლვოვში ჩაიტანეს და დონეცკის „შახტარის“ დახმარებით, უკრაინელებს გადაეცემათ – ინფორმაცია დონეცკური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა“ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიით დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარება გამოაგზავნა. კერძოდ, ქართულმა კლუბმა 200 კომპლექტი საწოლები შეიძინა, მათ შორის ლეიბები, საბნები და ბალიშები. ერთი დღით ადრე, დონეცკის „შახტარის“ თანამშრომლებმა მიიღეს და განათავსეს ჰუმანიტარული ტვირთი ლვოვის არენაზე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დახმარების გაწევის ცენტრში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

კომენტარი გააკეთა „შახტარ-სერვისის” ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ვადიმ გუნკომ.

„ჩვენ მივიღეთ 20-ტონიანი სატვირთო მანქანა საწოლებით, რაც ხელს შეუწყობს დროებითი მიგრანტების მიმღების ცენტრის აღჭურვას და ხალხის კომფორტულ ყოფას. ჩვენმა თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ლვოვის ერთ-ერთი საწარმოს მიერ მოწოდებულ საწყობში საქონლის გადმოტვირთვაში. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით თბილისის დინამოელ მეგობრებს, კლუბის ხელმძღვანელობას საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ეს მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ რთულ დროს“, – აცხადებს დონეცკური კლუბის წარმომადგენელი.