ეს მარცხი სამოტივაციოდ უნდა გამოვიყენოთ - ბითაძემ „შარლოტთან“ მატჩი შეაფასა #1TVSPORT
ეს მარცხი სამოტივაციოდ უნდა გამოვიყენოთ - ბითაძემ „შარლოტთან“ მატჩი შეაფასა #1TVSPORT

გოგა ბითაძემ „ინდიანას“ შემადგენლობაში კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. მიუხედავად „შარლოტ ჰორნეტსთან“ მარცხისა, გოგა თავის გუნდში ქულების მაჩვენებლით საუკეთესო იყო. მას 18:40 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა (ექვსივე შეტევაში) და 2 პასი დაუგროვდა, რაც შესანიშნავი შედეგია.

ქართველმა კალათბურთელმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაშის შესახებ ისაუბრა და მოკლედ შეაფასა.

„უბრალოდ უნდა ვიყოთ პოზიტიურები. გრძელი სეზონია, მსგავსი რამ უმეტესობა გუნდებს ემართებათ და დღეს ერთ-ერთი ასეთი თამაში იყო. ჩვენ უბრალოდ არ მიგვდიოდა თამაში და მათ წაუვიდათ, ასეთი რამ ხდება, არ უნდა გავჩერდეთ და უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ.“

გოგას „პეისერსის“ დაცვაში თამაშის შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მათი ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ნაკლები კომუნიკაციაა.

„ჩვენ უკეთესი კომუნიკაცია გვჭირდება, ერთმანეთთან უნდა ვილაპარაკოთ, ამ მხრივ პირველ რიგში, მაღლები უნდა გამოვირჩეოდეთ, რადგან თამაშს უკეთესად ვხედავთ. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ უკეთესად და ვიყოთ უფრო აგრესიულები. როცა მეტოქეს მისდის თამაში მათ თავდაჯერებულობა ემატებათ, შესაბამისად აგრესიულები უნდა ვიყოთ.“

„ინდიანა პეისერსმა“ 158 მიღებული ქულით ანდტირეკორდი დაამყარა – გუნდს არსებობის ისტორიაში მსგავსი შედეგი არ ჰქონია. ამაზე ბითაძემაც გაამახვილა ყურადღება.

„ამის დავიწყება რთულია, მაგრამ ეს სამოტივაციოდ უნდა გამოვიყენოთ შემდეგი თამაშებისათვის. თუ სულ ამ წაგებაზე იფიქრებ ნეგატიურად განეწყვები, შესაბამისად საჭიროა, რომ მაქსიმალურად პოზიტიური იყო და ამან შემდეგ თამაშებში ხელი არ შეგიშალოს.“