ეს იყო დიდი შეცდომა - „ტორპედოს“ გულშემატკივართა ჯგუფი ჩხეტიანის გაშვებას გამოეხმაურა #1TVSPORT
ეს იყო დიდი შეცდომა - „ტორპედოს“ გულშემატკივართა ჯგუფი ჩხეტიანის გაშვებას გამოეხმაურა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოდან“ მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის გაშვებას გუნდის მხარდამჭერთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. გულშემატკივართა ჯგუფმა (ჩვენ ვართ ტორპედო) სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და მთავარი მწვრთნელის მოხსნა გააპროტესტა.

„ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ჩხეტიანის გაშვება. რამდენიმე თვის წინ გვითხრეს, რომ მას ენდობოდნენ და ამ სეზონში მისი დავალება გუნდის ეროვნული ლიგაში დარჩენა იყო. არ არის ძნელი მისახვედრი, თუ რის გამო გაუშვეს და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო“, – წერია გულშემატკივართა წერილში.

ქუთაისელ ქომაგთა წერილში აღნიშნულია, რომ მომხდართან დაკავშირებით „ტორპედოს“ ხელმძღვანელებს შეხვდებიან:

„უახლოეს მომავალში ამ საკითხზე შევხვდებით ხელმძღვანელობას და დეტალურ ახსნა-განმარტებას მოვითხოვთ. განაწყენებულები ვართ იმაზე, რომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ჩვენ არავინ არაფერი გვითხრა“.

გულშემატკივართა ჯგუფი ასეთი განცახდების მიზეზზეც წერს:

„კარგად უნდა იცოდეთ, რომ ამ გუნდში და ამ ქალაქში ასე არაფერი ხდება! ეს არის ხალხის გუნდი და არა რომელიმე კერძო პირის! არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოიყვანენ მწვრთნელად, მაგრამ ახლა რომ „ტორპედო” გავარდეს, არავინ გაპატიებთ. იმედია ამას ხვდებით“.