ეს იმ დროს მოხდა, როდესაც სტრესში იყო - ქეცბაია არასპორტული საქციელისთვის დააჯარიმეს #1TVSPORT
ეს იმ დროს მოხდა, როდესაც სტრესში იყო - ქეცბაია არასპორტული საქციელისთვის დააჯარიმეს #1TVSPORT

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა დასაჯა – მიზეზად არასპორტული საქციელი დასახელდა.

როგორც გაირკვა, აეკ-თან მატჩის შემდეგ, ფამაგუსტელების ქართველმა მწვრთნელმა მსაჯებით აღშფოთება არ დამალა, როდესაც ისინი მოედანს ტოვებდნენ. ქეცბაია ფინანსურად დასაჯეს.

ამავე დროს, ცნობილია, რომ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისის“ ფანებმა აეკ-თან წაგებული მატჩის დროს შეურაცხყოფა მიაყანეს, რაზეც ქართველ სპეციალისტს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა.

ვითარების შერბილება „ანორთოსისის“ პრეზიდენტმა, ევგენიოს ჰამპულასმა Cablenet-ის პირდაპირ ეთერში სცადა:

„თემური აღელდა, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ფანებს არ აფასებს. პირიქით, ის დიდ პატივს სცემს „ანორთოსისის“ გულშემატკივრებს. ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როდესაც ქეცბაია განსაკუთრებულ სტრესში იყო და დაძაბული გახლდათ“.

კომენტარი „ანორთოსისის“ სპიკერმა, დიმიტრი ქრისტოფორუმაც გააკეთა:

„ფაქტია, რომ მომხდარს დიდი რეზონანსი ჰქონდა. „ანორთოსისის“ ამბიცია ძალიან დიდია და ხალხი ჩვენგან მხოლოდ პირველ ადგილს ელის. ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ჩვენს მწვრთნელს ეკისრება. გასაგებია, რომ წარმატებას ვერ ვაღწევთ, მაგრამ მოვუწოდებთ ფანებს, მხარი დაგვიჭირონ, რათა დადებითი შედეგი მივიღოთ“.