ეს ემოციები ჰაერივით გვჭირდებოდა - თბილისის „დინამოს“ აკადემია უკრაინელ ფეხბურთელებს მასპინძლობს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ აკადემიის ბაზაზე მიკოლაივის სპორტული სკოლის ფეხბურთელებსა და თბილისური სკოლის ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.
„დინამო თბილისის“ პრესსამსახურის ცნობით, უკრაინელი სტუმრები სწორედ აკადემიის ბაზაზე ცხოვრობენ და 29 დეკემბრამდე სხვა აქტივობებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
„ეს ბიჭები ჩვენთან 10 დღის განმავლობაში დარჩებიან. უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით, საკვებითა და ყოველდღიური სპორტული აქტივობებით. ამ პროგრამის მთავარი მიზანია, რომ მიკოლაივის სპორტული სკოლის ფეხბურთელებს რეაბილიტაციაში დავეხმაროთ“, – განაცხადა „დინამოს“ აკადემიის დირექტორმა, ლევან გვანცელაძემ.
კომენტარი მიკოლაივის სპორტული სკოლის მწვრთნელმა ანატოლი შევჩენკომაც გააკეთა და ქართულ კლუბს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თბილი დახვედრისთვის. ჩვენ ფრონტის ხაზიდან ჩამოვედით, აქ კი მხოლოდ დადებითი ემოციები გვაქვს და ბიჭებს ეს ჰაერივით სჭირდებოდათ“.