ეს ჩემთვის მწარე, თუმცა მნიშვნელოვანი გაკვეთილია - ავტოავარიის გამო კვეკვესკირმა მოიბოდიშა #1TVSPORT
ეს ჩემთვის მწარე, თუმცა მნიშვნელოვანი გაკვეთილია - ავტოავარიის გამო კვეკვესკირმა მოიბოდიშა #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა სკანდალზე, რომელიც სანაკრებო შესვენებამდე მოუვიდა. ვროცლავისშლიონსკთან“ გამარჯვებიდან (4:0) ერთი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ალკოჰოლის ზემოქმედებით პოზნანის ცენტრში ავარია მოუვიდა.

ნიკა კვეკვესკირმა ავტოსაგზაო შემთხვევაში დანაშაული აღიარა და სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

„ალბათ, უმეტესობამ იცის ჩემი უაზრო ქმედების შესახებ, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეს ყველაზე რთული დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ თითოეულ ნაბიჯს განვიხილავ და ვზრუნავ ჩემს ოჯახზე, იმიჯსა და კარიერაზე. ეს ჩემთვის მწარე, თუმცა მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო. ყველაფერი გადავაფასე და მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახი და გუნდი ჩემთვის. რამდენად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა პოზნანისლეხში“ თამაში. მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო, ვისაც ჩემმა ქმედებამ იმედები გაუცრუა. უპირველეს ყოვლისა, გულშემატკივრებს, ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით, ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და ქომაგს, ვისაც მაგალითი უნდა მივცე“, – წერს ნიკა კვეკვესკირი.

ამავე დროს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თანადგომისთვის მადლობა გადაიხადა:

„მსურს მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში გვერდში დამიდგა. გპირდებით, რომ ორჯერ მეტს ვიმუშავებ, რათა წვლილი შევიტანო გუნდის გაჩემპიონებაში. მსურს, ჩემი თამაშის საშუალებით ეს ინციდენტი უკან ჩამოვიტოვო. ალბათ, ვერ მოვახერხე ზუსტად გადმომეცა თქვენთვის ის, რისი თქმაც მსურდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოედანზე ჩემი მოქმედებები ყველაზე ზუსტად ასახავს იმას, რისი თქმაც მინდოდა“.

ნიკა კვეკვესკირის ავტოსაგზაო შემთხვევას პოლონური გამოცემა „გოლი“ გამოეხმაურა:

„ქართველი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რამაც გამოიწვია მისი დაგვიანებული რეაქცია, როდესაც მის წინ მყოფმა ორმა მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა. ინციდენტის გამო ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ავარიის ყველა მონაწილე შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელმა პოლონური კანონის მოქმედი ნორმები დაარღვია. ამიტომ ის სოლიდური თანხით დაჯარიმდა და მართვის მოწმობა ჩამოართვეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და ქართველი სამართალდამცავთა ყველა ბრძანებას დაემორჩილა“.