ერთობლივი ვარჯიში ავსტრალიასთან - უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო თასისთვის ემზადებიან #1TVSPORT
ერთობლივი ვარჯიში ავსტრალიასთან - უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო თასისთვის ემზადებიან #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები, უკვე ერთი კვირაა, სამხრეთ აფრიკაშია და მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიში ჩაატარეს.

გუნდს 20 ივნისს შეუერთდა „სტად ფრანსეს“ ბურჯი სერგო აბრამიშვილი და შერკინების მწვრთნელი თორნიკე ბუბუტეიშვილი.

ნაკრების მზადების შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ ისაუბრა:

„სამხრეთ აფრიკაში 14 ივნისს ჩამოვფრინდით, დავბინავდით და უკვე რამდენიმე ვარჯიში გავმართეთ. მასპინძლებმა ძალიან კარგი პირობები შეგვიქმნეს. დღეს გუნდს შემოუერთდა სერგო აბრამიშვილი, რომელიც საწვრთნელ პროცესში ნელ-ნელა ჩაერთვება. ასევე უკვე ჩვენთან ერთადაა შერკინების მწვრთნელი თორნიკე ბუბუტეიშვილი, რომელსაც სავიზო პრობლემები შეექმნა და თბილისში დააბრუნეს.

ვემზადებით პირველი თამაშისთვის, რომელიც მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან იოლი არ იქნება. ფიზიკურად ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს და ვეცდებით მისი ძლიერი მხარეები გავანეიტრალოთ.

დღეს გვქონდა ინტენსიური, ერთობლივი ვარჯიში ავსტრალიასთან. მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ასეთ მოწინააღმდეგესთან კიდევ ერთხელ გაგვევლო დეტალები და დაგვენახა ჩვენი პრობლემები. ახლა ერთი დღე დავისვენებთ და შემდეგ განვაგრძობთ მზადებას სამხრეთ აფრიკასთან მატჩისთვის“.

შეგახსენებთ, რომ რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ C ჯგუფში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ლადო კილასონიას გუნდი პირველ შეხვედრას 24 ივნისს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარებს (21:00 თბილისის დროით), 29 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინა იქნება (18:30), ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში 4 ივლისს იტალიას ვეთამაშებით (13:00).

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ოთხი საუკეთესო გუნდი თასისთვის განაგრძობს ბრძოლას, მომდევნო ოთხეული – მეხუთე-მერვე ადგილებს, ხოლო მესამე ოთხეული მეცხრე-მეთორმეტე ადგილებს გაითამაშებს. მე-12 ადგილზე გასული გუნდი გაისად ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი წლევანდელი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე:

შერკინება: გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), სერგო აბრამიშვილი („სტად ფრანსე“), ლაშა ფხაკაძე („ნევერი“), ნიკა ბაბუნაშვილი („ლელო“), ბასა ხონელიძე („ორიაკი“), თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), ირაკლი აფციაური („გრენობლი“), ბადრი ციხისთავი („ბეიონი“), დავით მჭედლიძე („ტულონი“), გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), გიორგი ნიკოლაძე („აია“), გიორგი გერგედავა („კლერმონი“), ნიკა ლომიძე („ხარები“), ლაშა ციხისთავი („ბეიონი“), რატი ზაზაძე („ნევერი“), ნიკოლოზ საყვარელიძე („ორიაკი“), თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“);

ხაზი: დავით ხუროშვილი („ლელო“), სანდრო ჯიღაური („ლელო“), ნიკოლოზ კუპრაშვილი („ყოჩები“), პეტრე ხუციშვილი („ლელო“), გელა ხელაძე („ლელო“), ნიკოლას რაგოევი („ნევერი“), გიორგი შველიძე („ბრივი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), შალვა აფციაური („ლელო“), ლუკა ხორბალაძე („ლელო“), ლუკა ცირეკიძე („ლელო“), ვაჟა მიქაძე („ლელო“), ლუკა კობაური („პერპინიანი“).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია