ერთკვირიანი სტაჟირება თურქეთსა და ისრაელში - PRO ლიცენზიის კურსის მეშვიდე მოდული დასრულდა #1TVSPORT
ერთკვირიანი სტაჟირება თურქეთსა და ისრაელში - PRO ლიცენზიის კურსის მეშვიდე მოდული დასრულდა #1TVSPORT

თბილისში უეფას Pro ლიცენზიის კურსის მეშვიდე მოდული დასრულდა, რომელიც საკლუბო და სანაკრებო დონეზე მწვრთნელის მუშაობის და კლუბის ორგანიზაციული და სხვა არსებითი ინფორმაციის დაკვირვებას ისახავდა მიზნად. პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

კურსის 15 მონაწილე თურქეთსა და ისრაელში იმყოფებოდა. მათ ერთი კვირის განმავლობაში სტაჟირება ბათუმის „დინამოს“, „დინამო თბილისის“, „საბურთალოსა“ და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე გაიარეს, დაესწრნენ თამაშებს, ვარჯიშებს და სხვადასხვა საწვრთნელ აქტივობას. თეორიულ ნაწილსაც მნიშვნელოვანი დრო დაეთმო.

„პრო ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელებისთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესო შეკრება გაიმართა. კურსის მონაწილეებმა ერთკვირიანი პრაქტიკული მოდულის ფარგლებში უდიდესი გამოცდილება და ცოდნა მიიღეს. მინდა, სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ბათუმის „დინამოს”, „დინამო თბილისს”, „საბურთალოს“ და მათ მწვრთნელებს – გიორგი გეგუჩაძეს, კახა ცხადაძეს და ლევან კორღალიძეს გამჭირვალობისა და თანამშრომლობისთვის. მათ მიერ გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება პრო ლიცენზიის მონაწილეებს სწავლის წარმატებული პროცესისათვის წაადგებათ“, – განაცხადა სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა ზამთარაძემ.

კურსზე სწავლება ორწლიან პერიოდზეა გადანაწილებული და პრაქტიკულ და თეორიულ სამუშაოებს მოიცავს, ასევე – საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლეს ინფორმაციებს ქართველი და უცხოელი ინსტრუქტორებისგან მიიღებენ. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი საფეხურის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ.