ერთი წლით ალბანეთში - ცინცაძემ „კუკეშთან“ კონტრაქტი გააფორმა
ერთი წლით ალბანეთში - ცინცაძემ „კუკეშთან“ კონტრაქტი გააფორმა

ალბანეთის ვიცეჩემპიონმაკუკეშმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათე ცინცაძე გუნდის მოთამაშე გახდა.

„ქართველმა ნახევარმცველმა დღეს ოფიციალურად გააფორმა ხელშეკრულება ჩვენს გუნდთან და „კუკეშში“ 2022 წლის ზაფხულამდე იქნება. 26 წლის ნახევარმცველი ბოლოს საქართველოს ჩემპიონატში, ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა. ნახევარმცველი გუნდს დღეს შეუერთდა და მზად არის, „კუკეშის“ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ჩვენი კლუბი ცინცაძეს წარმატებებს უსურვებს“ – წერია „კუკეშის“ განცხადებაში.

2018 წელს, ევროპის ლიგაზე „კუკეში“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა და დამარცხდა – თბილისში გამართული მატჩი ქუთაისელებმა 5:2 მოიგეს, ხოლო გასვლაზე 0:2 დამარცხდნენ. ალბანური კლუბის ოფიციალურ ვებგვრდზე მათეს მაშინდელი თამაში გაიხსენეს: „წარსულში ცინცაძე გამოდიოდა ქუთაისის „ტორპედოში“ და ევროპა ლიგაზე ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ორივე ​​მატჩი ჩაატარა. ის მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო“.

26 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო, მერე ითამაშა „დინამო თბილისში“, შჩეცინისპოგონში“, „რუსთავში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ლატვიურ „ელგავაში“, ბოლოს კი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი იყო. მათე ალბანურ კლუბში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ალბანეთის ჩემპიონატში ათი გუნდი ოთხ წრედ თამაშობს. 16 ტურის შემდეგ, „კუკეში“ 23 ქულით მეხუთე ადგილზეა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე 20 ტურით ადრე მეორეადგილოსან ტირანას „პარტიზანს“ მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება და მინიმუმ, ევროსაგზურის მოპოვების შანსი გააჩნია.