„ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ NBA აღარ გაგრძელდებოდა“ - ექსკლუზიური ინტერვიუ გოგა ბითაძესთან
„ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ NBA აღარ გაგრძელდებოდა“ - ექსკლუზიური ინტერვიუ გოგა ბითაძესთან

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტი“ „ინდიანა პეისერსის“ ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს შეერთებულ შტატებში დაუკავშირდა. ამერიკაში მოასპარზე ქართველმა ლეგიონერმა პანდემიის პირობებში NBA -ს სეზონის განახლებაზე და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

გოგა ბითაძე: „უმოქმედო პერიოდის გადატანა ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან, როცა შუა სეზონში ხარ და ეჩვევი ბევრ თამაშს, ბევრ ვარჯიშს, ბევრ ფრენებს, ძალიან რთულია. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ NBA აღარ გაგრძელდებოდა, იმიტომ რომ სიტუაცია მწვავდებოდა, მაგრამ ახლა გადაწყდა, რომ სეზონი გაგრძელდება. ერთი თვეა, რაც ვარჯიშები დავიწყე, გვიშვებენ დარბაზში. ინდივიდულაურად ვემზადებით და ჯერ გუნდური ვარჯიშის საშუალება ისევ არ გვაქვს.

გუნდისთვის ლიგის მიერ შემოთავაზებული ფორმატი, ვფიქრობ, რომ მისაღები იქნება. ფლეი ოფის ზონაში ვართ და მომდევნო რვა თამაში დაგვეხმარება, რომ ფორმაში შევიდეთ და ფლეი ოფისთვის მზად ვიყოთ. სეზონის განახლების შემდეგ, დიდი შეზღუდვები იქნება. მაყურებლებს არ მიეცემათ უფლება, რომ თამაშებს დაესწრონ და ჩვენც გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინება მოგვიწევს.

გუნდში ჩემს მდგომარეობაზე რთულია საუბარი, რადგან არავინ იცის, მწვრთნელს რა აქვს გადაწყვეტილი. მე როგორ ფორმაში დავბრუნდები, ჩემი გუნდელები როგორ ფორმაში იქნებიან, მწვრთნელი რას გადაწყვეტს, ჯერ გაურკვეველია. წუთების გაზრდაზე ლაპარაკიც ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გუნდში იგივე როლი მექნება, მაგრამ თუ მეტჯერ მომიწევს თამაში, რა თქმა უნდა, გავალ და 100 პროცენტს გავაკეთებ ყველა თამაშზე“.

ქართველი კალათბურთელი ამერიკაში რასიზმის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა:

„რაც შეეხება ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას. ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის ამ ვიდეოს ნახვა, რომ პოლიციამ ადამიანი ასე უმოწყალოდ მოკლა. ინდიანაში, რა თქმა უნდა იყო პროტესტი, იყო აქცია, მაგრამ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა.“.