ერთი ნაბიჯი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მთავარ ფაზამდე - „დინამო თბილისმა“ მინსკის „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT
ერთი ნაბიჯი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მთავარ ფაზამდე - „დინამო თბილისმა“ მინსკის „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ 19-წლამდელთა გუნდი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში მინსკის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა.

ფინალური მესამე ეტაპის (სადაც ქართული კლუბი პირველად გავიდა) ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი თამაში „დინამო არენაზე“ მაყურებლის გარეშე გაიმართა. ფორმალურად, მასპინძელი ბელარუსული გუნდი იყო, რომელიც, უეფა-ს გადაწყვეტილებით, საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე ატარებს.

თბილისელებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს და პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქციეს. მატჩის გმირი ჰალიდ დოლტმურზიევი გახდა – ის წარმოშობით ინგუშია და საქართველოს მოქალაქის პასპორტს ფლობს. მან „დინამო“ მე-13 წუთზე დააწინაურა, ოთხ წუთში კი საგოლე პასი გაუკეთა გიორგი გვასალიას.

საპასუხო შეხვედრა 10 დეკემბერს, 17:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. გამარჯვებული ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფაზაში – 1/16-ფინალში, 32 საუკეთესო გუნდის შორის ითამაშებს. ამჯერად მასპინძელი ქართული გუნდი იქნება და მატჩზე მაყურებელსაც დაუშვებენ.