ერთი დაიტოვეს, ერთი დაიმატეს - წყალტუბოელთა მორიგი კონტრაქტები
ერთი დაიტოვეს, ერთი დაიმატეს - წყალტუბოელთა მორიგი კონტრაქტები

ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის დაკომპლექტებას ყველაზე სწრაფად ლიგა 2-იდან დაწინაურებული კლუბები ცდილობენ. ქობულეთის „შუქურასთან“ ერთად, ქართულ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურია წყალტუბოს „სამგურალი“, რომელმაც კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა, ერთიც შეინარჩუნა.

გუნდმა კონტრაქტი კიდევ ერთ ფეხბურთელთან, ილია ახვლედიანთან გაახანგრძლივა – „სამგურალის“ ცნობით, ხელშეკრულება ორი წლით გაფორმდა. ილია ახვლედიანმა კარიერის საწყისი ეტაპი ესპანურ კლუბებში გაატარა. ევროპაში 5 წელი ითამაშა, „სამგურალში“ კი 2018 წლის ზაფხულში ესპანეთის მესამე ლიგის „დუესტოდან“ გადავიდა. 2019 წელს ნახევარი სეზონი მან ქობულეთის „შუქურაში“ გაატარა, საიდანაც კვლავ „სამგურალში“ დაბრუნდა და კლუბთან ერთად ჯერ ეროვნული ლიგა 2–ის საგზური მოიპოვა, წლეულს კი ეროვნულ ლიგაში დაწინაურებაც იზეიმა.

მორიგი ახალწვეული კი ლუქმან გილმორია – „სამგურალსა“ და 24 წლის ნიგერიელ ლეგიონერს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ნიგერიის ასაკობრივი ნაკრებების, „სტოკ სიტისა“ და „დინამო თბილისის“ ყოფილი ფეხბურთელი საყრდენი ნახევარმცველი „ლაგოსის“ აკადემიის აღზრდილია. თამაშობდა ნიგერიის 17 და 23-წლამდელთა ნაკრებებში. გილმორი რამდენიმე თვე ინგლისური „სტოკ სიტის“ ახალგაზრდულ გუნდშიც ასპარეზობდა. თუმცა, ბრიტანეთიდან სამუშაო ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გუნდი დატოვა და შემდეგ კარიერა საქართველოს დაუკავშირა, ბოლოს ზუგდიდის „დინამოში“ თამაშობდა.

„საქართველოში გორის „დილას“ მოწვევით ჩამოვედი, მაგრამ შემდეგ პირობებზე ვერ შევთანხმდით და ტრანსფერი არ შედგა. ამის შემდეგ ხონის „იმერეთში“ ჩავირიცხე, სატრანსფერო სეზონის გახსნას ველოდებოდი, რომ ევროპის რომელიმე კლუბში მეცადა ძალები, ხონში ოთხი თვე ვითამაშე და თბილისის „დინამოდან“ დამირეკეს, სადაც ნახევარი სეზონი გავატარე, შარშან კი ზუგდიდის „დინამოში“ ვითამაშე. წლის ბოლოს კონტრაქტი დამისრულდა და თავისუფალი აგენტი გავხდი. წყალტუბოდან მივიღე შემოთავაზება და კონტრაქტი გავაფორმე. „სამგურალი“ ძალიან საინტერესო კლუბია და წინ მიიწევს. როცა ორ წელიწადში მესამე ლიგიდან ეროვნულ ლიგაში გადადის, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდი სწორი გზით ვითარდება. „სამგურალის“ შეთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი, მიხარია, რომ ამ კლუბის წევრი გავხდი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდის წარმატებებში ჩემი წვლილი შევიტანო“, – ამბობს ლუქმან გილმორი.