ერთად ძალადობის წინააღმდეგ - ეროვნული ლიგა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა
ერთად ძალადობის წინააღმდეგ - ეროვნული ლიგა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა

პირველად საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, ეროვნული ლიგის მატჩს ქალთა სამსაჯო ბრიგადა მოემსახურა. 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის შეხვედრაში „საბურთალოსა“ და „სამტრედიას“ შორის მთავარი არბიტრი – ხათუნა მაისურაძე იყო. მას ასისტენტობას ქეთევან გაიპარაშვილი და სოფო რიჟამაძე გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქცია ვიკა სახურიამ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ სოფო რიჟამაძე და ვიკა სახურია, სამსაჯო საქმიანობას 2016 წელს, სფფ-ის მიერ დაწყებული პროექტის – მსაჯთა აკადემიის მეშვეობით დაუკავშირდნენ, სადაც სრული სასწავლო კურსი გაიარეს.

ამით ეროვნული ლიგა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა.

„კამპანია მიზნად ისახავს ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ საკითხის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, ყველა უნდა გავერთიანდეთ. ლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდის სახელით, ვგმობთ ყოველგვარ ჩაგვრას და საზოგადოებას აღნიშნული პრობლემის მიმართ შეურიგებლობისკენ მოვუწოდებთ“, – წერია ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე.