ერთა ლიგის პლეი ოფი | სომხეთის ნაკრებში დებიუტი ექნება ამერიკაში დაბადებულ მოთამაშეს #1TVSPORT
ერთა ლიგის პლეი ოფი | სომხეთის ნაკრებში დებიუტი ექნება ამერიკაში დაბადებულ მოთამაშეს #1TVSPORT

სომხეთის ნაკრებში, რომელიც 20 და 23 მარტს ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, პირველად გამოიძახეს ამერიკაში დაბადებული მოთამაშე ნიკოლას კალუკიანი, რომელიც ამჟამად ერევნის „ურარტუს“ თავდამსხმელია.

ნიკოლას კალუკიანი 2003 წლის 18 თებერვალს ნიუ ჯერსიში დაიბადა, სომეხი ჯონ კალუკიანისა და ამერიკელი კრისტი კალუკიანის ოჯახში. მისი წინაპრები ლიბანში ცხოვრობდნენ, საიდანაც ბებია-ბაბუა საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ.

ნიკოლასი ფეხბურთში ექვსი წლიდან ვარჯიშობს. კარიერის უმეტესი ნაწილი ამერიკული კოლეჯების ლიგებში გაატარა, თამაშობდა მიჩიგანისა და სირაკუზის გუნდებში. მან გარკვეული დრო USL 2-ის გუნდ „ჩედარ სტარსაში“ გაატარა. თუმცა, მისი ოცნება პროფესიული კარიერის ევროპაში აწყობა იყო.

კალუკიანი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია მას პირველად 2022 წელს დაუკავშირდა, როდესაც ჯერ კიდევ აშშ-ის კოლეჯების ლიგაში თამაშობდა. მოგვიანებით სომხეთის 21-წლამდელთა ნაკრებში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 20 მარტს შეხვედრა ერევანში გაიმართება, ხოლო 23-ში – თბილისში.