ერთა ლიგის პირველი სათამაშო დღე - მატჩების საუკეთესო მომენტები (ვიდეო)
ერთა ლიგის პირველი სათამაშო დღე - მატჩების საუკეთესო მომენტები (ვიდეო)

ლიგა A-ს პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი და გერმანია დაუპირისპირდნენ. თამაშში უგოლო ფრე – 0:0 დაფიქსირდა, თუმცა მას დაძაბულობა არ აკლდა.

ლიგა B-ს პირველ შეხვედრაში ჩეხეთმა უკრაინას უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში ერთ ბურთიანი სხვაობით დამარცხდა. მასპინძლები შეხვედრის პირველივე წუთზე შიკის გოლით დაწინაურდნენ. უკრაინამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კონოპლიანკას გოლით გაათანაბრა. შეხვედრა თითქოს ამ ანგარიშით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მესამე დამატებით წუთზე ზინჩეკომ სტუმრები პირველად დააწინაურა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ამავე ლიგის მეოთხე ჯგუფში უელსმა ირლანდიას უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. 55-ე წუთისთვის უელსელები უკვე ოთხ ბურთიანი სხვაობით იგებდნენ (ლოურენსი 6′, ბეილი 18′, რემზი 37′, რობერტსი 55′). ირლანდიელთა მხრიდან პრესტიჟის გოლი 66-ე წუთზე უილიამსმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.

ლიგა C-ში ასევე ორი შეხვედრა ვიხილეთ. მესამე ჯგუფის მატჩში ნორვეგიამ კვიპროსი იოჰანსენის (21′, 43′) დუბლით დაამარცხა.

ამავე ჯგუფში სლოვენიამ ბულგარეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. სტუმართათვის გამარჯვების მომტანი გოლი 59-ე წუთზე კრაევმა გაიტანა.

ლიგა D-ში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს ოთხი დაპირისპირება გაიმართა. პირველი ჯგუფის მეორე შეხვედრა ლატვიასა და ანდორას შორის ფრედ, 0:0 დასრულდა. ტურნირი საქართველოს ნაკრებმა გახსნა და სტუმრად ყაზახეთთან 0:2 იმარჯვა.


სომხეთმა ლიხტენშტაინი დაძაბულ შეხვედრაში – 2:1 დაამარცხა. მატჩის ბედი 76-ე წუთზე ბარსეგიანის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

მაკედონიამ საქართველოს მსგავსად სტუმრად, ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა გიბრალტარის ნაკრები. ბულგარელთა მხრიდან გოლები ტრიკოვსკიმ (19′) და ალიოსკიმ (35′) გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრაში ლატვიას „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. შეხვედრა 9 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი